ავტორი:

ჩხერიმელას ხეობა შესაძლოა უბედურების ზონად იქცეს: რამ გამოიწვია ღვარცოფული პროცესების საფრთხე? - კატასტროფის სცენარი და შესაძლო ზარალი

ჩხერიმელას ხეობა შესაძლოა უბედურების ზონად იქცეს: რამ გამოიწვია ღვარცოფული პროცესების საფრთხე? - კატასტროფის სცენარი და შესაძლო ზარალი

სად შეიძლება იყოს ქვეყანაში სტიქიური საფრთხე განსაკუთრებით აქტუალური, რა პრევენციულ ზომებს იღებს სახელმწიფო, არის თუ არა დამონტაჟებული წინასწარი შეტყობინების სისტემები და საერთოდაც, პროცესების ღამით გააქტიურების შემთხვევაში, რა დრო ექნება კრიტიკულ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას სამშვიდობოზე გასასვლელად? - შოვისა და დარიალის ხეობის ტრაგედიების შემდეგ, ეს კითხვები საზოგადოებას ძალიან აწუხებს და განსაკუთრებით გააქტიურდა ტიბეტისა და ნეპალის საზღვარზე დატრიალებული კატასტროფის გამო.

ხარაგაულელი სამთო ინჟინერი კახა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ამჟამად განსაკუთრებით კრიტიკულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (კერძოდ, სოფლების: ღვერკი და ხემაღალი მიმდებარედ) განვითარებული მასშტაბური მეწყრული პროცესები:

"ხარაგაულის ხეობა წყალშემცველი და სუსტი ქანებით გეოლოგიურად ისედაც რთული და დინამიკური ზონაა. მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, როგორიცაა გვირაბების გაყვანა, ფერდობების მოჭრა და მძიმე ტექნიკის მოძრაობა, ამ თავისებურების გაუთვალისწინებლობა მძინარე მეწყრულ კერებს ააქტიურებს. მდგომარეობას ამძიმებს სამშენებლო მასალისა და ნაყარი გრუნტის უშუალოდ მდინარის ზოლში ან ფერდობების ძირში დაყრაც. მაგალითისთვის, მარტო ნუნისის ხეობაში, გვირაბებიდან გამოტანილი 5 მილიონი კუბური მეტრი მიწის, ქვისა და ტალახის მასით მდინარის კალაპოტი 1,2 კილომეტრის სიგრძეზეა ამოვსებული. ჩინურ კომპანიას რომ დაუსჯელობის იმედი არ ჰქონოდა, მის მოქმედებებზე რომ მაკონტროლებლებს თვალი არ დაეხუჭათ, გვირაბებიდან გამოტანილი მასა 60 კილომეტრის მოშორებით უნდა გაეტანათ, რადგან უფრო ახლო მანძილზე ამ რაოდენობის მიწის განსათავსებელი ადგილი ფიზიკურად არ არის. ჩინური კომპანია ასეთი ქმედებისთვის 2014 წელს კი დააჯარიმეს, მაგრამ საჯარიმო თანხა არაფერი იყო იმ მილიონებთან შედარებით, რაც გვირაბიდან ერთ კილომეტრში ნაშალი მასის დაყრის შედეგად "მოტეხეს". ეს ჯარიმაც სამუშაოების დაწყების პირველ ეტაპზე დაიწერა, თორემ შემდეგ ჯარიმასაც არავინ წერდა. ვიმედოვნებ, ერთ დღეს გამოიძიებენ ამ ამბებს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ "ერთ დღეს" გვიანი აღმოჩნდება ხოლმე. ანალოგიური, მაგრამ მცირე მასშტაბის ნაშალის დასაყრელი ადგილები მდინარე ჩხერიმელას ხეობაში 12 ადგილზეა. ამას არ უნდა უშვებდეს სახელმწიფო. კომპანია კი, სადაურიც არ უნდა იყოს, თუ მიუშვებ მხოლოდ თავის სარგებელზე წავა..."

  • მუდმივი მონიტორინგი თუ თავის მოტყუება?

სპეციალისტების განმარტებით, დიდი მოცულობის მიწისა და კლდოვანი მასის ჩამოშლის შედეგად, შესაძლოა მდინარის კალაპოტი ჩაიკეტოს, წარმოიქმნას ბუნებრივი კაშხალი, რომლის გარღვევაც ხეობაში კატასტროფულ ღვარცოფულ ტალღას წარმოშობს. ეს კი უმძიმეს საფრთხეს შეუქმნის დასახლებულ პუნქტებსა და ინფრასტრუქტურას. ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობაში საფრთხის მასშტაბი იმდენად თვალსაჩინოა, რომ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა რეგიონში მეწყრული პროცესების გააქტიურება.

უწყების ინფორმაციით, მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა კიდეც მდინარე ყარნებას ხევი. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხარაგაულის მერიის განცხადებით, საშიშროების ზონაში მყოფი მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ვითარება მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ყველა საჭირო ღონისძიება გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება. წინასწარი ინფორმაციით, უწყებები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ ხელისუფლება არ აკონკრეტებს, რაში გამოიხატება ეს მონიტორინგი. ამ დრომდე საჯაროდ უცნობია, დამონტაჟდა თუ არა ადგილზე კატასტროფის ადრეული შეტყობინების ავტომატური სისტემები, თანამედროვე ექსტენზომეტრები, გეოდეზიური რეალურ დროში მომუშავე სენსორები, ლოკალური ჰიდროლოგიური პოსტები და ხმოვანი განგაშის სისტემები, რომლებიც გრუნტის მცირე გადაადგილებაზეც კი იძლევიან სიგნალს. ექსპერტები შიშობენ, რომ ასეთი რთული ხეობებისთვის მახასიათებელი ფაქტორების გამო, ნებისმიერ წუთს მოსალოდნელია კასკადური კატასტროფა.

  • შესაძლო ზარალი და კატასტროფის სცენარი

მდინარის არსებული კალაპოტი ვერ გაატარებს დიდი მოცულობის მასას. დაგუბებული წყლისა და შლამის ერთობლიობამ შესაძლოა წარმოქმნას რამდენიმე მეტრის სიმაღლის ღვარცოფული ტალღა, რომელიც უზარმაზარი სიჩქარით დაეშვება ხეობაში და წალეკავს საცხოვრებელ სახლებს, ადგილობრივ გზებს, ხიდებს, ელექტროგადამცემ ხაზებს, ცენტრალურ სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებს.

"6 წლის წინ, ამავე ხეობაში, ერთ პატარა შენაკადზე წყალი ბუნებრივად შეკავდა. როდესაც გადმოანგრია, 3 მეტრი სიმაღლის ტალღა წამოვიდა და ბევრი დააზარალა. ახლა იქ, სადაც საფრთხე მწიფდება, გაცილებით დიდი მასშტაბის ტალღაა მოსალოდნელი", - აფრთხილებს მოსახლეობას კახა კიკნაძე და სახელმწიფოს სამ ძირითად, საშურ ნაბიჯს სთავაზობს:

1. გაუვნებლება: მდინარის კალაპოტის პრევენციული გაწმენდა და დამცავი ჯებირების/პრევენციული არხების მოწყობა.

2. ტექნიკური აღჭურვა: ადრეული შეტყობინების თანამედროვე ხელსაწყოების რეალური, გამჭვირვალე მონტაჟი და გამოცდა.

3. ევაკუაციის გეგმა: მოსახლეობასთან საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები და საევაკუაციო მკაფიო გეგმის გაწერა. დრო არ იცდის. როდესაც გეოლოგები და ექსპერტები ღიად საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეზე, ხელისუფლების მხრიდან დუმილი ან ფორმალური განცხადებები დანაშაულის ტოლფასია. პრევენცია ახლა უნდა მოხდეს, სანამ გვიან არ არის!" - აცხადებს სპეციალისტი.

  • იტალიური ტრაგედია - გაუფრთხილებლობის საზღაური

1963 წლის 9 ოქტომბერს, იტალიაში, ვაიონტის კაშხალთან, ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კატასტროფა დატრიალდა. მონტე ტოკის ფერდობიდან 260 მილიონი კუბური მეტრი მიწისა და კლდის მასა წყალსაცავში ჩამოწვა. მეგა-მეწყერმა მყისიერად წარმოქმნა 250 მეტრის სიმაღლის გიგანტური ტალღა, რომელიც გადაევლო კაშხალს და რამდენიმე წუთში მიწის პირისგან აღგავა ქვემოთ მდებარე ხეობა და ქალაქი ლონგარონე. ტრაგედიას 2 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სამწუხაროდ, ეს კატასტროფა მოულოდნელი არ ყოფილა.1950-იან წლებში იტალიის ალპებში, მდინარე ვაიონტის ხეობაში აშენდა იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კაშხალი (262 მეტრი). ხეობა გეოლოგიურად ძალიან რთული და მეწყრულად აქტიური იყო (მთას, სადაც კაშხალი აშენდა, ადგილობრივები Monte Toc--ს ეძახდნენ, რაც ადგილობრივ დიალექტზე გაფუჭებულ/მოშლილ მთას ნიშნავს). ტრაგედიის დატრიალებამდე კარგა ხნის განმავლობაში განგაშს ტეხდა ედუარდო სემენზა, ახალგაზრდა გეოლოგი, რომელმაც დეტალური კვლევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მთის მთელი ფერდობი სინამდვილეში ძველი, უზარმაზარი მძინარე მეწყერი იყო. მან გააფრთხილა კომპანია, რომ წყალსაცავის შევსებისას წყალი გაჟონავდა ქანებში, შეამცირებდა ხახუნს და მთელი მთა ტბაში ჩასრიალდებოდა.

ადგილობრივი ჟურნალისტი ტინა მოდინო ასევე მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ წერდა. დაცვას ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ხედავდა, როგორ იბზარებოდა მიწა და ესმოდათ გუგუნი მთიდან.ამ დროს პრობლემის მიჩქმალვას ცდილობდნენ ენერგოკომპანია SADE და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჟურნალისტ ტინა მოდინოს სასამართლოშიც კი უჩივლეს "საზოგადოებაში პანიკის დათესვისა და ცრუ ცნობების გავრცელებისთვის" (რომელიც თურმე მან მოიგონა). კომპანია აცხადებდა, რომ "ვითარება სრულად ექვემდებარებოდა კონტროლს" და მეწყერი თუ ჩამოწვებოდა, ძალიან ნელა და უმნიშვნელოდ ჩასრიალდებოდა წყალში. თუმცა, 1963 წლის 9 ოქტომბერს, უხვი ნალექებისა და წყალსაცავის დონის არასწორი მანიპულაციის შემდეგ, 45 წამში, მთის ფერდობიდან 260 მილიონი კუბური მეტრი კლდე და მიწა ჩასრიალდა წყალსაცავში. მეგა-მეწყერმა მყისიერად წარმოქმნა 250 მეტრის სიმაღლის ცუნამური ტალღა, რომელმაც გადაუარა კაშხალს (თვითონ კაშხალმა გაუძლო) და წარმოუდგენელი სიჩქარით დაეშვა ვიწრო ხეობაში.

  • რამ გამახსენა ვაიონტი ხარაგაულში?

ვაიონტშიც ხელისუფლება ამბობდა, რომ "აკვირდებოდნენ პროცესს". თუმცა, ფაქტია, როცა გეოლოგიური მასა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, დაკვირვება ფიზიკის კანონებს ვეღარ აჩერებს.

ნაყარი გრუნტის და ხელოვნური ჩარევის ფაქტორი იქაც მნიშვნელოვანი იყო. ბუნებრივი მეწყერი კატასტროფული თითქმის ყოველთვის ადამიანის ტექნოგენური ჩარევის შედეგად (წყლის დაგუბება, ფერდობის მოჭრა, ნარჩენი გრუნტის დაყრა) ხდება.იტალიაშიც კატასტროფამდე გაიძახოდნენ, რომ ყველაფერი "კონტროლქვეშ იყო", კატასტროფის შემდეგ კი ყველაფერს "ფორსმაჟორს" და "უხვ ნალექს" აბრალებდნენ.

შესაბამისად, ინჟინრებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ხმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ტექნიკური უსაფრთხოების იგნორირებას უმძიმესი ფასი აქვს.

ეკა ლომიძე