ავტორი:

წარმატებული შვილები, 65-წლიანი თანაცხოვრება მეუღლესთან, მძიმე ბავშვობა და ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუბლოკა - მერაბ კოკოჩაშვილის გულახდილი "სახალხო ინტერვიუ"

წარმატებული შვილები, 65-წლიანი თანაცხოვრება მეუღლესთან, მძიმე ბავშვობა და ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუბლოკა - მერაბ კოკოჩაშვილის გულახდილი "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს" მორიგი სეზონის პირველი გადაცემის პირველი სტუმარი იყო კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს ელექტრონულ ვერსიას, ხოლო „სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ნინო:

- ბატონო მერაბ, მოგესალმებით. როგორი რეალობა იყო მაშინ, ცხოვრებას რომ იწყებდით და რას გვეტყვით ოჯახზე, სადაც დაიბადეთ და იზრდებოდით?

- მადლობა უნდა გითხრათ იმ ინტერესისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. მზად ვარ, თქვენს შეკითხვებს შეძლებისდაგვარად ამომწურავი, მართალი და საინტერესო პასუხები გავცე. მე მერაბ კოკოჩაშვილი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ეპოქა, როდესაც დავიბადე, უაღრესად მძიმე იყო – როგორც დღევანდელი, ისე მაშინდელი აღქმით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი წლისა და ექვსი თვის ვიყავი, როდესაც მამა რეპრესიაში მოყვა. ჩემთვის დედა იყო დედაც და მამაც. ჩემი ბავშვობისა და იმ მდგომარეობის შესახებ თუ რამე ვიცი, რასაკვირველია, დედის ნაამბობიდან: მან მომიყვა, როგორ წაიყვანეს მამა, რომელიც მუსიკოსი იყო. დედაც ორკესტრში უკრავდა. საქართველოში მაშინ ახალი ჩამოყალიბებული იყო ორკესტრი. ადამიანმა, რომელმაც ეს ორკესტრი შექმნა, მთელი რუსეთი და სადაც კი შესაძლებელი იყო, ყველგან მოიარა, რომ გაეცნო, თუ რა კულტურის მქონე იყო საქართველო, სწორედ ის ადამიანი დააპატიმრეს. თურმე მამაჩემს უთქვამს: „ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის და როგორ შეიძლებოდა მისი დაპატიმრებაო?!“ იმავე ღამეს მოვიდნენ, სახლში ყველაფერი გადაატრიალეს, წაიღეს წერილები, წიგნები...

მამას წაყვანისას უთქვამს: „რა სისულელეა, ხვალვე დავბრუნდები, არაფერი დანაშაული არ ჩამიდენიაო“. შინსახკომიდან (ჩეკა) მოსულთათვის უთხოვია, მერაბს რომელიც ავადაა, ვაკოცებ და გაეღვიძებაო. მათ უპასუხიათ: „აკოცე, აკოცე...“ – ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ წაიყვანდნენ და აღარ დააბრუნებდნენ. როდესაც 12-13 წლის გავხდი, დედამ მითხრა: შენ უკვე დიდი ხარ, ყველაფერი უნდა იცოდე. პირდაპირ გეტყვი: მამა, ალბათ, ცოცხალი აღარაა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, რამეს მაინც შეგვატყობინებდაო. ძალიან მძიმე მომენტი იყო. მახსოვს, ვსადილობდით, ცრემლები წამომცვივდა და პირდაპირ წვნიანში ჩაეწვეთა - ასეთი სიტუაცია იყო. დედამ მომიტანა მთელი ეს სიმართლე და მისი უაღრესად მადლიერი ვარ.როდესაც დედასა და იმ პერიოდის მშობლების დამოკიდებულებაზე ვფიქრობ, წარმოიდგინეთ, რა განსხვავებაა იმ დროებასა და დღევანდელობას შორის. სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ჩემს კლასში ცეკა-ს პირველი მდივნის შვილი სწავლობდა. საუკეთესო საკლასო ოთახი გვქონდა, კედლებზე კომუნისტური პარტიის ბელადების პორტრეტები და ლოზუნგები ეკიდა. მეორე კლასში ვიყავით, როდესაც დავალება მოგვცეს, ლექსი დაგვეწერა.

5 წლის მერაბი

თითქმის ყველამ იმ ბელადებზე დაწერა, ვისი პორტრეტებიც კედელზე ეკიდა. ძალიან ამაყი ვიყავი – ბერიაზე დავწერე ლექსი. სახლში რომ მოვედი, თვალდაჭყეტილი ვიწექი და ვერ ვიძინებდი. დედა ორ სამსახურში მუშაობდა, მუსიკის მასწავლებელი იყო. რომ დაბრუნდა, მითხრა: „შენ არ გძინავს?“ ვუთხარი, ლექსი დავწერე-მეთქი. აბა, მითხარიო. წაუკითხე. პაუზა ჩამოვარდა. ამის შემდეგ დედამ ნაწყენი და ჩუმი ხმით მითხრა: „არ გავიგო, ოდესმე ასეთი ლექსი დაწერო!“ ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. მეორე თუ მესამე დღეს ორი წიგნი მომიტანა: ერთი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები იყო, მეორე – ალექსანდრე ჭავჭავაძის. „აი, ეს წაიკითხე“, – მითხრა. ხედავთ, როგორი ცოცხალი, ადამიანური ურთიერთობა იყო? სწორედ მაშინ ყალიბდება ბავშვში გარკვეული დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც სიცოცხლე ჰქვია.

თინა:

- პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე თქვენი ერთ-ერთი წინაპარი იყო. იქნებ მასზე უფრო მეტი გვიამბოთ?

- ალექსანდრე ჭავჭავაძე ჩემი დიდი წინაპარი იყო. იგი ორჯერ მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში: ერთხელ 18 წლის ასაკში, ხოლო მეორედ – 1832 წელს, როცა უკვე რუსეთის არმიის გენერალი იყო. მეორე დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ ალექსანდრემ წერილი მისწერა ნიკოლოზ პირველს – იმ უმკაცრეს მეფეს, რომელმაც დეკაბრისტები ჩამოახრჩო. წერილში წერდა, რომ საქართველოში სულ იქნება აჯანყებები, თუ არ იფიქრებენ იმის შესახებ, რა გზით მოვიდა ეს ქვეყანა დღევანდლამდე. ეკონომიკა იქნება ეს თუ ის, რაც წაგვართვით, ჩვენ ხომ წინააღმდეგი არ ვიყავით თქვენი მფარველობისა და დაცვისო. ამის შემდეგ სესხიც კი მისცეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომ მიეხედა იმ საქმისთვის, რაც ქართველებს ეხერხებათ – მეღვინეობისთვის და წინანდალიც ამის შედეგია.

მოგვიანებით, მეფისნაცვალმა ვორონცოვმა შექმნა ქართველ თავადაზნაურთა საბჭო, რომელთაც აზრს ეკითხებოდა. ამის შედეგად გამოიცა ქართული გაზეთები, შეიქმნა პირველი სკოლები, თეატრი, დაიდგა პირველი სპექტაკლი და იტალიური ოპერაც კი ჩამოყალიბდა... ამ ყველაფერს სკოლის პერიოდში, დედის ახლობლებისა და ჩემი არაჩვეულებრივი კლასელების წყალობით გავეცანი. იმ პერიოდში ჩამოყალიბდა ის პრინციპები, რომლებიც შემდეგ ჩემი ცხოვრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა. სხვათა შორის, ჩვენი კლასიც განსაკუთრებული იყო – 1-ელ სკოლაში (ყოფილი პირველი გიმნაზია). 1953 წელს 24-მა მოსწავლემ დავამთავრეთ. ამ 24-დან სამი რუსთაველის პრემიის ლაურეატი გახდა, ერთი – ლენინური პრემიისაც. ჩვენს კლასში იყვნენ მომავალი პროფესორები, გეოლოგები, ფიზიკოსები, პალეობიოლოგები...

წინაპრები

ზურაბი:

- თქვენს პირველი ფილმს „მიხა“, რომელიც სადიპლომო იყო, წინააღმდეგობა შეხვდა... ამან კინაღამ დიპლომი დაგაკარგვინათ. რა მოხდა?

- საბჭოთა პერიოდში ჩემი ყველა ფილმის გადაღება დიდი გაჭირვებით ხდებოდა. ოდესღაც უდიპლომოდ ვრჩებოდი ფილმ „მიხას“ (მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსის“ მიხედვით) გამო. ჯავახიშვილი რეპრესირებული იყო. მოთხრობას „მუსუსი“ ერქვა, მაგრამ ჩემთვის პერსონაჟი „მუსუსი“ არ ყოფილა – გმირს სახელი შევუცვალე, „მიხა“ დავარქვი და მთავარ როლზე ზურაბ ქაფიანიძე მოვიყვანე (ეს მისი პირველი როლი იყო). სცენარი აკრძალეს, რადგან თქვეს: ჯერ დიპლომი არ აქვს და რა დროს ამისი სექსუალური თემებიაო.

სამხატვრო საბჭომ ფილმი დაბლოკა. გავიდა 8-10 წელი. 1964 წელს კინემატოგრაფიის განყოფილებიდან დამიძახეს: „შენ კარგი სცენარი გაქვს და რატომ არ იღებო?“ ვუთხარი: „თქვენ ხომ ამიკრძალეთ-მეთქი“. „წადი და გადაიღეო“. აი, მაშინ გადავიღე ეს ფილმი. იქ ვიყენებდი შემოქმედებით პრინციპს – მეტაფორას: როდესაც მოვლენას პირდაპირ კი არ უჩვენებ, არამედ ისე გამოსახავ, რომ მაყურებელი შენი თანაშემოქმედი გახდეს. მაგალითად, სიყვარულის სცენა გამოვსახე ორი ადამიანის მიერ ზვინის შეკვრით – ორივეს თივა მიაქვს და ზვინები ერთდება. ან ის ეპიზოდი, სადაც მოქმედება საბრძელში ხდება: მისი კედლის ხვრელებიდან თვალებდაბრიალებული პატარა გოგოების მზერა ჩანს. პირდაპირი ჩვენება ძალიან არ მიყვარს – არც სექსის, არც ძალადობის, თუმცა „დიდ მწვანე ველშიც“ მაქვს ასეთი დრამატული ეპიზოდები. იმ პერიოდში ეკრანსა თუ ლიტერატურაში სიმართლის გატანა უაღრესად რთული იყო. ეს მოითხოვდა უდიდეს შრომას, ბრძოლას და, თავგანწირვასაც კი.

ხათუნა:

- საბოლოოდ კინოზე არჩევანი როგორ და რატომ გააკეთეთ?

- კინოში ჩემი წასვლა მაშინ გადაწყდა, როდესაც იტალიური ნეორეალიზმის ფილმები ვნახე (დაახლოებით 1948 წელს): ფელინი, ვისკონტი... ამ ფილმებმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა ამისა, ფილმმა „ქეთო და კოტე“ (რომელსაც მოგვიანებით დოკუმენტური ფილმი მივუძღვენი). იტალიურმა კინომ და „ქეთო და კოტემ“ ჩემში შვეს ის, რის გარეშეც არაფერი გამოდის – სიმართლის განცდა.როდესაც ინსტიტუტში ვაბარებდი, დედამ მითხრა: „მიშა ჭიაურელი მოსკოვშია და მიდი მასთან, რჩევას მოგცემსო“. მივედი ძია მიშასთან. ჯერ გვლანძღა ყველანი, ვინც ჩაბარებას ვაპირებდით: „რამდენ ფილმს იღებენ, ვინ მოგცემთ ფილმს, დარჩებით უფილმოდო!“. მერე მითხრა: „რამდენიმე რამ არის აუცილებელი: პირველი – ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მეორე – ზურგი“. თავის უკან სტალინის სურათზე მიმითითა, წარწერით: „ჩემს მიშას – იოსებ სტალინი“. წამოსვლა რომ დავაპირე, შემაჩერა: „მოთმინება, მოთმინება და მოთმინება არის საჭიროო!“

ლია:

- თქვენი ფილმი - „დიდი მწვანე ველი“ ქართულ კინოკლასიკადაა აღიარებული. საბჭოთა პერიოდში ამ ფილმის გადაღება როგორ შეძელით?

- ფილმ „დიდ მწვანე ველზე“ უარყოფითი რეცენზია დაიწერა, წერდნენ: „მაყურებელი ტოვებს დარბაზსო“. ფილმს გაანადგურებდნენ, რომ არ ყოფილიყო ბატონი სერგო ზაქარიაძე. მან ცეკა-ს სხდომაზე საოცრად დაიცვა ეს ნამუშევარი და გადაარჩინა. გავიდა 8-10 წელი. გერმანელებმა მოითხოვეს ქართული კინოს დღეების ჩატარება და სპეციალურად მოითხოვეს „დიდი მწვანე ველი“. ეს იყო მისი პირველი აღიარება საზღვარგარეთ.ამ ფილმის სცენარი მერაბ ელიოზიშვილმა დაწერა. დოდო აბაშიძისა და ლია კაპანაძის პერსონაჟების ოსტატური თამაშით შეიქმნა ის სახეები, რომლებიც დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს. 60-70-იან წლებში დასავლეთში ქართულ კინოს „ქართული ფენომენი“ შეარქვეს. ეს ფენომენი სწორედ ეროვნულობაში, ინდივიდუალიზმსა და სიმართლის ძიებაში იპოვეს.კინო ისეთი ხელოვნებაა, რომელსაც დიდი ფინანსები სჭირდება. დღეს აბსოლუტური თავისუფლებაა – რაც გინდა, ის გადაიღე, ოღონდ ფული არ არის. ბევრი ქართველი რეჟისორი დღეს უცხოური დაფინანსებით იღებს ფილმებს. ჩემი ბოლო ფილმის, „ტერცო მონდოს“ გადაღებისას უცხოელი სპონსორები გვყავდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემია დაიწყო, დაფინანსება შეწყდა და უსახსროდ დავრჩით...

"დიდი მწვანე ველი"

ჩემს ბოლო სამ მხატვრულ ფილმზე მინდა ვთქვა: • „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (საბჭოთა პერიოდი) – მოგვითხრობს არქეოლოგზე, რომლის დიდ აღმოჩენასაც ყურადღებას არ აქცევენ და ეს მას ეწირება. • „ნუცა“ / „ნუცას სკოლა“ (2000-იანების დასაწყისი) – სიკეთისთვის ბრძოლასა და იმ საზოგადოებაზეა, სადაც მატერიალური ქონება ყველაფერს ანიჭებს უპირატესობას. • „ტერცო მონდო“ – ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება უნიჭიერესი ერის შვილები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც სრულიად მიუღებელია ცივილიზებული ქვეყნისთვის.

ნატა:

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით - გაგვაცანით ის?

- ჩემი მეუღლე – მანანა მეზვრიშვილი, რომლის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი, იგი ოჯახის ბურჯია. ახალგაზრდობაში შესანიშნავ ლექსებს წერდა. უკვე 65 წელია, ერთად ვართ. გვყავს ორი ქალიშვილი – ორივე მუსიკოსია. ერთი წინანდლის სახლ-მუზეუმის დირექტორია, მეორე – პიანისტი, პროფესორი, ბელგიაში მოღვაწეობს. გვყავს ორი შვილიშვილი (ასევე გოგონები) და მალე შვილიშვილიშვილს შვილს (შვილთაშვილს) ველოდებით.

შვილთან ერთად

ნატა:

- რა არის თქვენი მთავარი სურვილი?

- თუ ერთმანეთის გაგებას არ ვისწავლით, გავიწირებით. დღეს მთელი მსოფლიო მძიმე სიტუაციაშია. პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია დიპლომატია, ქვეყნის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სიკეთე – რაც ქრისტიანული რწმენის საფუძველია. მალე სრულდება 1700 წელი საქართველოს ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან. ეს პრინციპები უნდა გავიაზროთ, თუ გვინდა, რომ ნამდვილად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა შევქმნათ.მადლობელი ვიქნები, თუ ამ ყველაფერს გაიზიარებთ. მშვიდობიან მომავალს გისურვებთ!