ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შემოჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ინციდენტი იმავე დღეს მოხდა, როდესაც დანიის თავდაცვის ვერტმფრენს რუსულმა ფრეგატმა ცეცხლი გაუხსნა, ხოლო პოლონეთის სანაპიროზე სავარაუდოდ რუსული დრონი იპოვეს. ეს მოვლენები ევროპაში რუსეთის ჰიბრიდული ომის საფრთხის შესახებ შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს.

ლიეტუვის ხელისუფლებამ დრონის შესახებ გაფრთხილება ვილნიუსის, ტრაკაისა და ელექტრონაის მცხოვრებლებს შუაღამის შემდეგ გაუგზავნა. მოსახლეობას მოუწოდეს, უსაფრთხო ადგილას დარჩენილიყვნენ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ დრონი ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონი კაიშიადორისის მახლობლად, პრატკუნაისთან ჩამოაგდეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ალიტუსში, ნავასიოლკაის მახლობლად განადგურდა. მოგვიანებით ლიეტუვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრმა დააზუსტა, რომ დრონი ტრაკაის მახლობლად, ვილნიუსიდან დაახლოებით 24 კილომეტრში შენიშნეს. გავრცელებული ცნობით, ის ჰიდროელექტროსადგურთან ახლოს დაფრინავდა.
ნატოს ბალტიისპირეთის საჰაერო თავდაცვის მისია ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ცას 2004 წლიდან პატრულირებს.

იმავე დღეს პოლონეთის სანაპიროზე სავარაუდოდ რუსული დრონი იპოვეს. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა X-ზე დრონის ფოტო გააზიარა. პოლონური მედიის RMF24-ის ცნობით, დრონს მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა, რომელიც თვითგანადგურებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ქობინი არ ჰქონდა.