შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 11-150-ე და 11-151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.