თურქეთში დიდი ხმაური გამოიწვია ვანის პროვინციაში ჩატარებულმა მდიდრულმა ქორწილმა, სადაც პატარძალსა და საქმროს ათეულობით მილიონი ლირის ღირებულების ოქრო და ძვირფასი სამკაული მიართვეს. კადრების გავრცელების შემდეგ, წყვილის შემოსავლებით ადგილობრივი პოლიცია დაინტერესდა, რის შემდეგაც პატარძალი დააკავეს.
საქმე შესაძლოა გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდეს, ვიდრე მხოლოდ მდიდრული ქორწილის ისტორიაა. გამოძიება წყვილის ფინანსურ საქმიანობას, მათ ანგარიშებზე განხორციელებულ მრავალმილიონიან ოპერაციებს, ძვირადღირებულ ავტომობილებსა და ქორწილში წარმოდგენილი ოქროს წარმომავლობას სწავლობს.

ყველაფერი მდიდრული ქორწილით დაიწყოწყვილის შესახებ საზოგადოებამ განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მათი ქორწილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ქორწილში პატარძალსა და საქმროს დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასი სამკაული მიართვეს. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 45 მილიონ თურქულ ლირად (925,172.55 აშშ დოლარი) შეფასდა.
ქორწილის კადრების გავრცელების შემდეგ გაჩნდა კითხვა - როგორ შეძლო წყვილმა ასეთი დიდი ღირებულების ქონების დაგროვება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფინანსური შემოწმება, საქმეში კი თურქეთის ფინანსური დანაშაულების გამოძიების უწყება - MASAK ჩაერთო.

წყვილის ანგარიშებზე 222 მილიონ ლირაზე მეტი მოძრაობა დაფიქსირდა. MASAK-ის ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან მეჰმეთ ფათიჰ თანჩალანის საბანკო ანგარიშებზე დაახლოებით 115 მილიონი ლირის ფინანსური მოძრაობა დაფიქსირდა. მისი მეუღლის, ჩაღლა ოზ თანჩალანის ანგარიშებზე კი ამავე პერიოდში დაახლოებით 107 მილიონი ლირის გადარიცხვები განხორციელდა.
ანუ მეუღლეების ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობამ 222 მილიონ ლირას (4.56 მილიონი აშშ დოლარი) გადააჭარბა.
ფინანსური შემოწმებისას სამართალდამცველებმა ოჯახის საკუთრებაში არსებული ავტომობილებიც შეისწავლეს. საქმეში ფიგურირებს ისეთი ძვირადღირებული ავტომობილები, როგორიცაა Porsche, Range Rover, Maserati, Cadillac Escalade და BMW.
მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი Porsche Macan 4 აღმოჩნდა, რომლის შესაძენად დაახლოებით 7,1 მილიონი ლირა გადაიხადეს.
რას ამბობდა თანჩალანი დუბაიში საქმიანობაზ?
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა წყვილის დუბაიში საქმიანობაც შეისწავლეს. მეჰმეთ ფათიჰ თანჩალანის განცხადებით, დუბაიში ის „mail order“-ის საქმიანობით იყო დაკავებული და სწორედ იქიდან იღებდა შემოსავალს.
თუმცა ფინანსური შემოწმებისას მისი ან მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებზე დუბაიდან თურქეთში შესაბამისი თანხების ოფიციალური გადმორიცხვები ვერ დადასტურდა.
მთავარი კითხვა კვლავ 45 მილიონი ლირის ოქროს წარმომავლობაა
გამოძიებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება ქორწილში წარმოდგენილი ძვირფასეულობა. ჩაღლა ოზ თანჩალანის მხარე აცხადებს, რომ ოქროს ნაწილი საიუველირო კომპანიისგან სარეკლამო მიზნით იყო მიღებული.
გამოძიების დროს კი ოქროს წარმომავლობასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გამოიკვეთა. ახლა სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ვის ეკუთვნოდა ქორწილში წარმოდგენილი ოქრო, ვინ შეიძინა ის და რა გზით აღმოჩნდა ძვირფასეულობა წყვილის ქორწილში.
სასამართლომ ჩაღლა ოზ თანჩალანს პატიმრობა შეუფარდა. საქმის ბოლო ეტაპზე ჩაღლა ოზ თანჩალანი და მუჰამმეთ საით თანჩალანი სასამართლოს წინაშე ერთად წარდგნენ.
ორივეს ბრალად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გათეთრება ედება. სასამართლომ ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
ამავე საქმეზე ჩაღლა ოზ თანჩალანის დედა და იმ სახლის მეპატრონე, სადაც ოქროები აღმოაჩინეს, სასამართლომ გაათავისუფლა. მათ მიმართ სასამართლო კონტროლი დაწესდა.
გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა საბოლოოდ უნდა დაადგინონ, რა წარმომავლობის იყო წყვილის ქონება და უკავშირდება თუ არა მათ მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები დანაშაულებრივ შემოსავალს.