ავტორი:

რა არის ცნობილი მაია ბითაძის შესახებ, რომელიც კულტურის მინისტრად დაინიშნა

რა არის ცნობილი მაია ბითაძის შესახებ, რომელიც კულტურის მინისტრად დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.

  • მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის წლების მანძილზე იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებას.

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მაიას ვთხოვეთ დაეკავებიან საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება ძალიან წარმატებული კულტურის მინისტრი. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“,- განაცხადა კობახიძემ.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მას მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილება აქვს.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მაკისრია როგორც გუნდის, ასევე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა ეს არამხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის იდენტობის ნაწილი და ის ენაა, რითაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელს გუნდს, ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლებია ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა. სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით. ასევე, დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც მე პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

რა არის ცნობილი მაია ბითაძის შესახებ?

ის 1977 14 მაისს დაიბადა. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი. 2007 წელს მან სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. 2020 წლიდან იყო საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“პარტიული სიით, ასევე საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრი„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“პარტიული სიით.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2017 - 2020 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოადგილე
  • 2015 - 2021 გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე
  • 2014 - 2017 ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, შერპა საქართველოდან
  • 2014 - 2017 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე
  • 2012 - 2015 საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი
  • 2012 - დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი
  • 2011 - 2014 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
  • 2011 - 2012 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული პედაგოგი
  • 2009 - 2009 საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციის შემმუშავებელი კომისია, კომისიის წევრი
  • 2007 - 2018 კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი
  • 2006 - 2011 ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში - „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში
  • 2005 - 2012 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი
  • 2004 - 2005 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოების ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი
  • 2004 - 2005 „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი
  • 2004 - 2005 „საქართველოს თევზის მეურნეობისა სექტორის განვითარების პროექტი“ (UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი
  • 2003 - 2004 „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი
  • 2001 - 2003 „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“(World Bank), იურისტ-ექსპერტი
  • 1998 - 2001 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს სპეციალისტი

რაც შეეხება ქონებრივ მდგომარეობას:

მაია ბითაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის 2 თებერვალს შეავსო. მის სახელზე ფიქსირდება ბინა თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, რომელიც 66 000 დოლარად აქვს შეძენილი, ასევე ჭყონდიდელის ქუჩაზე ავტოფარეხი, რომლის ღირებულებაში 13 806 ლარია მითითებული.

დანაზოგის სახით მას უფიქსირდება 40000 ლარი, 30000 ევრო და 5500 დოლარი.

2025 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე მიღებული აქვს 25794 ლარი, ამავე წელს პარლამენტის წევრის თანამდებობაზე მუშაობისთვის ხელფასის სახით მიღებული აქვს 119 731 ლარი. შემოსავლებში უფიქსირდება ასევე კვლევითი საქმიანობის ჰონორარი 1532 ლარი.

წაიკითხეთ ასევე: