სოციალურ ქსელში დახმარების თხოვნის უკვე რამდენიმე თვეა, სპეციალური სქემა არსებობს - თაღლითები ბავშვების ფოტოებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამუშავებენ ან ქმნიან, იგონებენ მძიმე დაავადებების ისტორიებს და თანხის ჩარიცხვას ითხოვენ. ზოგიერთ შემთხვევაში ფოტო რეალურია, თუმცა მისი შინაარსი ხელოვნურადაა შეცვლილი. მოქალაქეების ყურადღებას ისიც იქცევს, რომ ყალბი ისტორიების გასავრცელებლად სასულიერო პირების სახელებსა და ეკლესიის თემატიკას იყენებენ.
"ბავშვს სიმსივნე აქვს“, „მკურნალობისთვის სასწრაფოდ გვჭირდება თანხა“, „თურქეთში უნდა წავიყვანოთ“ - მსგავსი ტექსტები სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება და ადამიანების თანაგრძნობას იწვევს. თუმცა ახლა დახმარების თხოვნის უკან შესაძლოა სრულიად გამოგონილი ისტორია იდგეს.
თაღლითები სოციალურ ქსელში ქმნიან გვერდებს, აქვეყნებენ ბავშვების ფოტოებს და მათ მძიმე დაავადებებს უკავშირებენ. იმისთვის, რომ ფოტო უფრო დამაჯერებელი იყოს, იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს - ზოგჯერ სრულიად ახალ გამოსახულებას ქმნიან, ზოგჯერ კი უკვე არსებულ რეალურ ფოტოს ცვლიან.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა განსაკუთრებით მძიმეა.
2018 წელს ტაძარში გადაღებული ფოტო და ახალი, გამოგონილი ისტორია
სოციალურ ქსელში გავრცელდა ბავშვის ფოტო, რომელზეც ის წითელ სტიქაროსნის სამოსში, ტაძარში დგას. ფოტოს თან ახლდა ინფორმაცია, თითქოს ბავშვი დათა იყო და სიმსივნე ჰქონდა, რის გამოც თურქეთში სამკურნალოდ წასაყვანად თანხას აგროვებდნენ. თუმცა ამ ფოტოს რეალური ისტორია სულ სხვა აღმოჩნდა.
რუისის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტო 2018 წელს სწორედ მათ ტაძარში იყო გადაღებული.
ორიგინალ ფოტოზე ორი სტიქაროსანი ბავშვი ჩანს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ახალ ვერსიაში კი მეორე ბავშვი ამოჭრილია და ფოტო ისეა დამუშავებული, თითქოს ტაძარში მხოლოდ ერთი ბავშვი დგას. შეცვლილია ფოტოს სხვა დეტალებიც - მათ შორის, ტაძრის უკანა ფონზე არსებული გამოსახულება.
ტაძრის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მსგავსი გვერდები დაარეპორტონ და თანხის გადარიცხვამდე ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმონ.
ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს, რამდენად რთულია დღეს მხოლოდ ფოტოს მიხედვით იმის დადგენა, რეალურ ამბავთან გვაქვს საქმე თუ არა.
შესაძლოა ფოტო ნამდვილი იყოს, მაგრამ მისთვის მიწერილი ისტორია - სრულიად გამოგონილი.
„მამა იოანე“ და ბავშვი, რომელსაც თითქოს სიმსივნე აქვს
კიდევ ერთი მსგავსი ისტორია სოციალურ ქსელში „მამა იოანეს“ სახელით გავრცელდა.
პოსტში თითქოს სასულიერო პირი საუბრობდა და დახმარებას საკუთარი შვილისთვის ითხოვდა. ბავშვს ნიკოლოზი ერქვა და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობისთვის თანხა სჭირდებოდა. პოსტი იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ თანხა მართლაც ჩარიცხა.
ნინი გუმბერიძემ 17 აგვისტოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოსტი თავადაც ნახა და დაუფიქრებლად გადარიცხა თანხა. როგორც ქალი წერს, თანხის ჩარიცხვისას ისიც გაითვალისწინა, რომ ბავშვს ნიკოლოზი ერქვა - ეს მისი შვილის სახელიცაა. თუმცა ცოტა ხანში რაღაცამ დააეჭვა.
„სასწაული ინტუიცია მაქვს, უცებ შევედი და 7-მა გამომწერმა გამაკვირვა“, - წერს ქალი.

- თავს ვალდებულად ვთვლი, თქვენამდე მოვიტანო ეს ამბავი, ვინაიდან თქვენც არ მოტყუვდეთ. სადღაც 2 საათის წინ შემხვდა პოსტი, თითქოს მამაო საუბრობდა და დახმარებას ითხოვდა ვითომ თავის შვილს სიმსივნე აქვს და მკურნალობის თანხები არ აქვს.
არც დავფიქრებულვარ, რას ვიფიქრებდი, რომ ვიღაც პირდაპირი მნიშვნელობით უნამუსო და ნაგავი არაადამიანი, ამდენს იკადრებდა და თან გამოიყენებდა საეკლესიო პირის სახელს.
დავრიცხე ეგრევე თანხა, თან იმ ბავშვზე ეწერა ნიკოლოზი ჰქვიაო და ჩემი შვილის, ჩემი ნიკოლოზის სახელით გადავრიცხე თანხა...
სასწაული ინტუიცია მაქვს, უცებ შევედი და 7-მა გამომწერმა გამაკვირვა... მობაილბანკიდან თანხის მოთხოვნა/ანუ თანხის უკან დაბრუნება მოვთხოვე, დანიშნულებაში რაც ჩავწერე აქ არ დავწერ, მაგრამ შეეშინდა და ეგრევე გადმომირიცხა ჩემი კუთვნილი თანხა უკან.
თქვენც რომ ჩემსავით შეცდომაში არ შეხვიდეთ, კარგად გადაამოწმეთ ხოლმე. მინდა ეს პოსტი გადააზიაროთ და თუ კიდევ ვინმე მოტყუებული გამოჩნდა ამ "ფეიკ ექაუნთისგან" აუცილებლად მომწერეთ და თანხას უკან დავაბრუნებინებ.
თითქმის ყველანაირი ინფორმაცია მომეპოვება ამ კონკრეტულ ადამიანებზე, შესაბამისად არავის არ შერჩება სხვისი სიკეთე და გულისტკივილი სხვა და არასწორი განზრახვით გამოიყენოს.
ამ თაღლითების და უწმინდურების სახელებია:
ხაზარაშვილი მარიამი და გოქაძე როსტომი.
ყალბი გვერდები ეკლესიის სახელით
სოციალურ ქსელში მსგავსი შემთხვევების გამო რამდენიმე ტაძარმაც გააფრთხილა მოქალაქეები.
საბურთალოს წმინდა სპირიდონ ტრიმითუნტელის სახელობის ტაძარმა 25 ივლისს გამოაქვეყნა გაფრთხილება და აღნიშნა, რომ შექმნილია არაერთი ყალბი Facebook-გვერდი, რომლის მიზანიც ფულის თაღლითურად მოპოვებაა.
ტაძრის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და იმაზე, რომ დღეს სულ უფრო რთულია ფოტო, ვიდეო და სხვა ინფორმაცია მხოლოდ გარეგნული ნიშნებით გაარჩიო - ნამდვილია თუ ყალბი.
"ძალიან ბევრი ყალბი ფეისბუქ გვერდი არის შექმნილი, რომელიც ემსახურება ფულის თაღლითურად მოპოვებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ თაღლითურ ისტორიებში ხშირად ჩნდებიან თითქოსდა სასულიერო პირები: „მამა იოანე“, „მამა ზურაბი“ და სხვა პერსონაჟები.
„არანაირი მამა იოანე ან მამა ზურაბი არ არსებობს“ - 30 აგვისტოს ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში ბექა ხვედელიანმაც გაავრცელა გაფრთხილება.
მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამუშავებენ.
- არანაირი მამა იოანე, ან მამა ზურაბი არ არსებობს, არ ჩარიცხოთ ამ მიმღებების სახელზე ფული: მარიამ ხარაზიშვილი, საჯაია საბა, გოქაძე როსტომი.
ვიდეოებს, ფოტოებს ამუშავებენ ხელოვნური ინტელექტით, საუბარზევე ეტყობათ ხოლმე, რომ პირის აპარატი სიტყვებს ვერ ჰყვება
თაღლითები რელიგიურ თემატიკასაც იყენებენ
ამ ისტორიებში ერთი საერთო დეტალიც იკვეთება - რელიგიური თემატიკა.
ბავშვები ხშირად გამოსახული არიან ტაძარში, სტიქაროსნის სამოსში, ზოგჯერ კი პოსტს თითქოს სასულიერო პირი ავრცელებს. ეს შემთხვევითი არ არის. ეკლესიისა და სასულიერო პირის სახელის გამოყენება პოსტს უფრო სანდოს და დამაჯერებელს ხდის.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ თაღლითები სხვადასხვა ისტორიაში იყენებენ რელიგიურ პერსონაჟებს - თითქოს პაციენტი არის მღვდელი, მონაზონი ან სტიქაროსანი, შემდეგ კი ადამიანებს ამ ემოციური ისტორიით თანხის ჩარიცხვას სთხოვენ.
როგორ არ უნდა მოვტყუვდეთ?ასეთი პოსტის ნახვისას პირველი რეაქცია, განსაკუთრებით თუ ბავშვზეა საუბარი, შესაძლოა დახმარების სურვილი იყოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, თანხის ჩარიცხვამდე რამდენიმე წუთი მაინც დავუთმოთ ინფორმაციის გადამოწმებას.
თუ პოსტში ბავშვის მძიმე დაავადებაზეა საუბარი, უნდა გაირკვეს:

განსაკუთრებით საეჭვოა, როდესაც ერთი და იგივე ფოტო სხვადასხვა ბავშვის, სხვადასხვა დაავადებისა და სხვადასხვა ისტორიის თანხლებით ჩნდება.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტით მხოლოდ ახალი ფოტოს შექმნა არ არის შესაძლებელი, შესაძლებელია ძველი, რეალური ფოტოს ისე შეცვლაც. ამიტომ, როცა სოციალურ ქსელში ბავშვის ან ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვას გვთხოვენ, მხოლოდ ფოტოს ნამდვილობის შემოწმება აღარ კმარა.
ფოტო შეიძლება ნამდვილი იყოს, ტაძარიც ნამდვილი, ბავშვიც რეალური, მაგრამ მასზე მოყოლილი ამბავი სრულიად გამოგონილი.