"ეს იყო ჯოჯოხეთი... მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე" - ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს

"ეს იყო ჯოჯოხეთი... მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე" - ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს

"მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო - ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე" - ამის შესახებ ექიმი მაია კოხტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, ცხოვრება არ არის რთული, როცა მართალი ხარ და როცა დასამალი არაფერი გაქვს.

"მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო - ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე. მადლობა ექიმებს, ჩემს კოლეგებს - სიტყვა რომ შემაწიეთ, გვერდში, რომ დამიდექით, რომ არ მიმატოვეთ. მადლობა მათ, ვინც არ მიცნობდა და მაინც მიცავდა, მაინც სჯეროდა ჩემი. სიმართლის დანახვა დიდი ნიჭი და დიდი მადლია.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს - ამხელა სიყვარულისთვის, ასეთი თავდადებისთვის. მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე - ჩემს ადვოკატებს, ილია ოთარაშვილს და გია ზარდიაშვილს. თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ.

მადლობა ჩემს ანგელოზს, ჩემს გაფრენილ ბიჭს სესეს, რომელთანაც საუბარში და ლოცვაში მთელი ღამე გავატარე საკანში. მადლობა უფალს, ჩემს მოძღვარს და ჩემი ტაძრის მრევლს - გულმხურვალე ლოცვისთვის, სიყვარულისთვის.

ეს იყო ჯოჯოხეთი - სასოწარკვეთა, უიმედობა, უსინათლობა, და ამ საშინელ უკუნში ჩნდება მზის სხივი, ჩნდება იმედი - ხალხი, ადამიანები, ნათელი სულები. ჰოდა, ეს ცხოვრება არ არის რთული, სულ პირიქით - როცა მართალი ხარ, როცა დასამალი არაფერი გაქვს. მადლობა და ბოდიში, რომ საკმარისი სიტყვები ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე" - წერს მაია კოხტაშილი.

  • ცნობისთვის, ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა მაია კოხტაშვილმა, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, საპატირო 12 სექტემბერს დატოვა. კოხტაშვილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გირაო გადაიხადეს. გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეაგროვეს.

მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.