ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან იმედის მომცემია, რადგან სირიას ძალიან სჭირდება ევროკავშირის დახმარება. ამიტომ ამ ტიპის ზეწოლა ამ გადაწყვეტილების მიღების კუთხით შეიძლება იყოს გადამწყვეტი
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკომისიის პრეზიდენტის წერილი მათ მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოა და ის სირიის ყოფილი ხელისუფლების მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს შეეხება.
"მინდა გაჩვენოთ წერილი, რომელიც მოგვივიდა ჩვენი წერილის საპასუხოდ. ეს წერილი გავუგზავნეთ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ვთხოვეთ მას და ზოგადად ევროსტრუქტურებს, რომ სირიასთან ნებისმიერი ურთიერთობა აიგოს, ერთ-ერთ საკითხად ყოველთვის იყოს აფხაზეთის აღიარების უკან წაღება სირიის სახელმწიფოს მიერ, სადაც იცით, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში.
ქალბატონი ფონ დერ ლაიენის პასუხი მოვიდა გუშინ, რომლითაც ის გვიდასტურებს პატივისცემას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, მადლობას გვიხდის ამ წერილისთვის და პირობას გვაძლევს, რომ არც ერთი მოლაპარაკება, რომელიც სირიის ინტერესებშია ევროკავშირის მხრიდან მათი დახმარების და სხვა ტიპის თვალსაზრისით, არ იქნება იმგვარად წარმართული, რომ არ იქნეს ნახსენები აფხაზეთის ე.წ. აღიარების საკითხის უკან წაღება.
სირიას ძალიან სჭირდება ევროკავშირის დახმარება და ამიტომ, ამ ტიპის ზეწოლა ამ გადაწყვეტილების მიღების კუთხით, შეიძლება იყოს გადამწყვეტი.
ეს ელენე ხოშტარიას ინიციატივა იყო იმთავითვე და ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავეთ იმაზე, რომ ინიციატივა ყოფილიყო წარმატებული და ის შედეგი მოეტანა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ მოიტანა, მაგრამ მთავარი შედეგი წინ არის. ეს აღიარება უკან უნდა წაიღოს სირიამ. ეს არ არის მარტივი იმიტომ, რომ ძალიან დიდია სირიაში ეთნიკურად აფხაზთა მოსახლეობა და საკმაოდ გავლენიანი ლობი აქვს სირიაში აფხაზებს, ამიტომ, სამუშაო ძალიან ბევრია იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება არათუ მუშაობს ამ საკითხზე, არამედ პირიქით, ყოველდღიურად აუარესებს ამ მიმართულებას და ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა გავწიოთ ეს ჭაპანი და მთავარი წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნისა ამგვარ საკითხებში უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებაში დემოკრატიული ოპოზიცია არ მოსულა, მაგრამ ესეც აუცილებლად მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან” - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - საქართველოში ყველაზე დიდი პროდასავლური პოლიტიკური კოალიციის - სახელით, მსურს გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ევროკავშირის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, რომლებშიც ხაზგასმულია სირიის სახალხო ასამბლეასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაფიო პოზიციის გამო, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიასთან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების დასაცავად, მათ შორის ასადის ეპოქაში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმების გზით, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და მათი ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ეხება.
ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მზადყოფნას თანამშრომლობისთვის და იმ მკაფიო კავშირის ხაზგასმას, რომელიც განახლებული ურთიერთობების განვითარებასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას შორის არსებობს. ამ პოზიციას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სამ ათწლეულზე მეტია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, ხოლო ასადის რეჟიმის მიერ მიღებული აღიარების გადაწყვეტილებები პირდაპირ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს. მიგვაჩნია, რომ სირიის ახალ ხელისუფლებასთან ევროკავშირის კონსტრუქციული თანამშრომლობა ქმნის დროულ და ეფექტიან შესაძლებლობას, რათა გაუქმდეს აღნიშნული აღიარებები და აღდგეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა.
შესაბამისად, პატივისცემით მოვუწოდებთ ევროკავშირს:
სირიის სახალხო ასამბლეასა და სირიის ახალ მთავრობასთან ყველა შესაბამის დიპლომატიურ დონეზე კვლავაც დააყენოს სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარსულში აღიარების საკითხი;მკაფიოდ აღნიშნოს, რომ ურთიერთობების ნებისმიერი გაღრმავება ან თანამშრომლობით გათვალისწინებული სარგებელი თან უნდა ახლდეს სირიის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ასადის ეპოქაში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გასაუქმებლად, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.„კოალიცია ცვლილებისთვის“ მზად არის, მხარი დაუჭიროს ევროკავშირს ამ ძალისხმევაში - ინფორმაციის მიწოდებით, კონტაქტების ხელშეწყობითა და ნებისმიერ დისკუსიაში მონაწილეობით, რომელიც ურთიერთმისაღები შედეგის მიღწევას შეუწყობს ხელს.
გულითად მადლობას გიხდით პირადად თქვენ და ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულებისთვის. მადლობას გიხდით თქვენი უწყვეტი ლიდერობისთვის და იმისთვის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში”, - წერია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გაგზავნილ წერილში.