აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ტრამპმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაისში გამართული, მათი ქორწინების ხარჯები ნაწილობრივ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საგამოძიებო გამოცემა ProPublica-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, რომ კრემლიოვმა წვეულებისთვის “ასობით ათასი დოლარი“ გადაიხადა. გამოცემის ცნობით, წყვილმა ქორწილი ბაჰამის კერძო კუნძულზე გადაიხადა, რის შემდეგაც ორდღიანი წვეულება ცალკე კუნძულზე გაგრძელდა, რომლის იჯარაც ღამეში დაახლოებით 100,000 დოლარი ღირს. გარდა ამისა, რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა სხვა ხარჯებიც, მათ შორის 70,000 დოლარის ღირებულების ფეიერვერკი.
“ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა ქორწილის შემდეგ ორი საოცარი საღამო მოგვიწყო. ეს იყო მეგობრის უაღრესად უხვი საქორწინო საჩუქარი, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერნი ვართ“, - აღნიშნულია წყვილის ოფიციალურ განცხადებაში.
უმარ კრემლიოვი სათავეში უდგას კრივის საერთაშორისო ასოციაციას (IBA), რომელსაც რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტი “გაზპრომი“ აფინანსებს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა IBA-ს საქმიანობა სწორედ რუსულ კომპანიასთან მჭიდრო კავშირების გამო შეუჩერა.
მიმდინარე წლის დასაწყისში კრემლიოვი პუტინთან ერთად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა მას სახელმწიფო ჯილდო - “მეგობრობის ორდენი“ გადასცა.
დონალდ ტრამპ უმცროსის წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ ტრამპის ვაჟი და კრემლიოვი პირადი მეგობრები არიან და მათ შორის “ბიზნესურთიერთობა“ არ არსებობს. კრემლიოვის ოფისმაც დაადასტურა, რომ მათ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს.
კრემლიოვი ქორწილის ნაწილს პირადად ესწრებოდა. სტუმრებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.
ვინაიდან დონალდ ტრამპ უმცროსი კერძო პირია და არ იკავებს სახელმწიფო თანამდებობას, უცხოელი მოქალაქისგან საჩუქრის მიღება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. თუმცა, ეთიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მეთაურთან დაახლოებული პირისგან ასეთი ძვირადღირებული საჩუქრების მიღება სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტს აჩენს.