ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ 23 მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 2 დაკარგულად ითვლება. ომანის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ El Gaia-ს ცეცხლი ძრავში გაუჩნდა.
ომანის მხარის განცხადებით, ინციდენტი მუსანდამის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთით, 1.3 საზღვაო მილის (2.4 კმ) დაშორებით მოხდა, რის შემდეგაც დაზიანებული გემი ომანის პორტისკენ ბუქსირით გადაჰყავთ.
მომხდართან დაკავშირებით მხარეები ერთმანეთისგან განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ:

ეს არ არის პირველი მსგავსი ინციდენტი რეგიონში. მიმდინარე თვის დასაწყისში ირანმა ანალოგიური განცხადება გააკეთა საუდის არაბეთის კუთვნილ სუპერტანკერ Sidr-ზე მომხდარ თავდასხმაზე, რასაც ორი ფილიპინელი მეზღვაური ემსხვერპლა. ირანის მტკიცებით, გემს ცეცხლი ნაღმზე დაჯახების გამო გაუჩნდა, თუმცა საუდის არაბეთმა და საზღვაო უსაფრთხოების ფირმებმა დაადასტურეს, რომ ტანკერი ირანული ჭურვების სამიზნე გახდა.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მონაცემებით, თებერვლის ბოლოს აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტესა და ახლო აღმოსავლეთში დაფიქსირებული 79 ინციდენტის შედეგად სულ მცირე 22 მეზღვაური დაიღუპა.
ჰორმუზის სრუტე, რომელზეც ჩვეულებრივ გლობალური ნავთობისა და გაზის გადაზიდვების მეხუთედი გადის, ფაქტობრივად დაიხურა ირანის მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისა და ირანული პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის გამო. ივნისში აშშ-მა და ირანმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ომის დასრულებისა და სრუტის გახსნის შესახებ, თუმცა შეთანხმება რამდენიმე კვირაში ჩაიშალა. ირანი აცხადებს, რომ წყალსატევზე კონტროლს არ დათმობს და იერიშებს ახორციელებს იმ გემებზე, რომლებიც სამხრეთ მარშრუტს, ომანის წყლებს იყენებენ.
ამერიკელი სამხედროების ჩართულობაზე მეტყველებს ისიც, რომ აპრილში ირანში ჩამოგდებული ამერიკელი პილოტის გადარჩენის ოპერაცია გახდა აშშ-ის პირველი სახმელეთო ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე ბოლო 46 წლის განმავლობაში. ომის გამო დიდ ბრიტანეთში ენერგომატარებლებისა და საწვავის ფასები 2022 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულამდე გაიზარდა.