ავტორი:

საიდუმლოება საფრანგეთის მღვიმეში - 176 000 წლის წინ ნეანდერტალელებმა სრულ სიბნელეში 2 ტონაზე მეტი ქვა საოცარ სტრუქტურებად აქციეს

საიდუმლოება საფრანგეთის მღვიმეში - 176 000 წლის წინ ნეანდერტალელებმა სრულ სიბნელეში 2 ტონაზე მეტი ქვა საოცარ სტრუქტურებად აქციეს

დაახლოებით 176 000 წლის წინ, ნეანდერტალელებმა საფრანგეთის ერთ-ერთ მღვიმეში, შესასვლელიდან 336 მეტრის სიღრმეში, მოტეხილი სტალაგმიტებისგან უზარმაზარი რგოლები ააგეს. სრულ სიბნელეში ორ ტონაზე მეტი მასალისგან შექმნილი ეს კონსტრუქციები არქეოლოგებს დღემდე საგონებელში აგდებს. აღნიშნული აღმოჩენა მეცნიერებს აიძულებს გადააფასონ ნეანდერტალელთა შესაძლებლობები და ის მოტივები, რამაც ისინი მღვიმის ყველაზე ღრმა წიაღში შეახვედრა.

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ტარნ-ე-გარონის რეგიონში, ავერონის ხეობის თავზე ბრუნიკელის მღვიმე მდებარეობს. 1990 წელს სპელეოლოგებმა კლდის ნაშალის გავლით გათხარეს გასასვლელი, რომელიც ბორცვის სიღრმეში მიდიოდა. შესასვლელიდან 336 მეტრის დაშორებით, იმ ადგილას, სადაც სრული სიბნელეა და ადამიანი საკუთარ ხელსაც ვერ დაინახავს, მღვიმის იატაკი ბუნებრივი ფორმაციების ნაცვლად, ხელოვნურად განლაგებულ ნაგებობებს დაემსგავსა.

  • ქვისგან შექმნილი უცნაური კონსტრუქციები

მღვიმის იატაკზე სულ ექვსი სტრუქტურაა განთავსებული. ყველა მათგანი ერთი და იმავე მასალით - გარკვეულ სიგრძეზე ჩატეხილი სტალაგმიტებით არის აგებული. ორი მათგანი რგოლისებრი ფორმისაა. იქვე ახლოს ოთხი შედარებით მცირე ზომის გროვაა განთავსებული, რომელთაგან ორი დიდ რგოლს შიგნით მდებარეობს, ორი კი მის გარეთ.

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, არქეოლოგებმა სულ 400-მდე ფრაგმენტი დაითვალეს, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 112 მეტრს შეადგენს, ხოლო ჯამური მასა 2.2 ტონას აღწევს. ქვები ოთხ ფენამდეა დაწყობილი, ხოლო კონსტრუქციის მდგრადობისთვის მოკლე ნაჭრები შიგნიდან არის შეჭედილი ან საყრდენად გარედანაა მიყრდნობილი. ვინაიდან მსგავსი რამ არსად აღმოუჩენიათ, მკვლევრებს ამ ობიექტებისთვის ახალი ტერმინის - “სპელეოფაქტების“ მოფიქრება დასჭირდათ.

მას შემდეგ, რაც მშენებლებმა მღვიმე დატოვეს, ახალმა მინერალურმა ნალექებმა კონსტრუქციები ქვის სქელი ფენით დაფარა. 2013 წელს ბორდოს უნივერსიტეტის მკვლევარ ჟაკ ჟობერის ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფი ადგილზე დაბრუნდა. მათ დაათარიღეს სამი კომპონენტი: სტალაგმიტების წვეროები, მათზე წარმოქმნილი ახალი ნალექები და დანახშირებულ ძვლებთან ასოცირებული კალციტი. 2016 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამივე ანალიზი ერთმანეთს დაემთხვა და კონსტრუქციის ასაკად 176 500 წელი განისაზღვრა.

ეს თარიღი უმნიშვნელოვანესია, რადგან იმ პერიოდში თანამედროვე ადამიანი (Homo sapiens) ევროპაში საერთოდ არ ცხოვრობდა, რაც ერთადერთ სავარაუდო მშენებლად ადრეულ ნეანდერტალელებს ტოვებს. გარდა ამისა, მანამდე ღრმა მღვიმის გამოყენების ყველაზე ძველ დადასტურებულ ნიმუშად შოვეს მღვიმე ითვლებოდა, რომელიც დაახლოებით 38 000 წლისაა.

  • ცეცხლის კვალი და მღვიმეში შეღწევის საიდუმლო

ასე ღრმად მდებარე სივრცის განათება მხოლოდ შეტანილი და შენარჩუნებული ღია ცეცხლით იყო შესაძლებელი. ექვსივე სტრუქტურაზე აღმოჩენილია ცეცხლის კვალი: 57 წითლად შეფერილი და 66 გაშავებული “სპელეოფაქტი“, ასევე ცხოველთა დანახშირებული ძვლები. ჭერზე შესაბამისი ლაქების არარსებობამ გამორიცხა წყლის წვეთების ვერსია.

ლაზერულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ძვლები კონტროლირებადი ცეცხლის ტემპერატურით იყო დამწვარი. თანამედროვე სპელეოლოგები ამ ადგილას აღწევენ ვიწრო გასასვლელით, რაც ჩაფხუტის, ბაგირისა და რუკის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ნეანდერტალელები სხვა შესასვლელით სარგებლობდნენ.

ნაგებობების დანიშნულება დღემდე ამოუხსნელი რჩება. გათხრებისას იმ დარბაზში არ აღმოჩენილა ქვის იარაღები, ადამიანის ძვლები, საცხოვრებელი ფენა თუ რაიმე სხვა ნარჩენი.

წყარო