ავტორი:

როგორ ათეთრებდა ერეკლე გუგავა ფულს ჰონგ-კონგის ანგარიშის დახმარებით - ახალი დეტალები ქართველზე, რომელიც აშშ-ში მასშტაბური თაღლითობის საქმეზეა ბრალდებული

როგორ ათეთრებდა ერეკლე გუგავა ფულს ჰონგ-კონგის ანგარიშის დახმარებით - ახალი დეტალები ქართველზე, რომელიც აშშ-ში მასშტაბური თაღლითობის საქმეზეა ბრალდებული

აშშ-ში 33 წლის ქართველი ერეკლე გუგავას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გუგავას ამერიკის ფედერალური პროკურატურა $1.3 მილიარდიან ჯანდაცვის თაღლითობის სქემასთან დაკავშირებული თანხების გათეთრების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობას ედავება.

საქმის მასალების მიხედვით, გუგავა 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე პენსილვანიაში მდებარე სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას, ND Medical Solutions LLC-ს, აკონტროლებდა. სწორედ ამ ხუთი თვის განმავლობაში კომპანიამ Medicare-სა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს ჯამში მინიმუმ $1.3 მილიარდის ღირებულების თაღლითური მოთხოვნები წარუდგინა. თუმცა კომპანიამ რეალურად დაახლოებით $6.5 მილიონი მიიღო.

საქმის ახალი დეტალები აჩვენებს, როგორ მოძრაობდა მიღებული თანხა კომპანიის ანგარიშებიდან.

თანხა ანგარიშზე შევიდა და რამდენიმე დღეში ჰონგ-კონგში გადაირიცხა

სასამართლო დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ფინანსური ოპერაციებიც.

პროკურორების ინფორმაციით, 2025 წლის 3 ივლისს გუგავამ ND Medical-ის ანგარიშზე სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებული ჩეკები შეიტანა, რომელთა საერთო ღირებულებაც $76 558.37 იყო.

ოთხი დღის შემდეგ, 7 ივლისს, ND Medical-ის ანგარიშიდან $71 363.20 ჰონგ-კონგის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა.

პროკურატურის ვერსიით, ეს თანხები იმ საერთაშორისო ორგანიზაციის სასარგებლოდ ირიცხებოდა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში ფართომასშტაბიანი თაღლითობის ორგანიზებას ედავებიან. გუგავას ბრალი სწორედ თანხების მოძრაობასა და გათეთრების სქემაში მონაწილეობას უკავშირდება.

გუგავა კომპანიის ანგარიშების ერთადერთი ხელმომწერი იყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გუგავამ ND Medical-ის სახელზე რამდენიმე საბანკო ანგარიში გახსნა და ყველა მათგანზე ერთადერთი ხელმომწერი თავად იყო.

სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებული ჩეკები ამ ანგარიშებზე ირიცხებოდა, რის შემდეგაც თანხები უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადადიოდა.

პროკურატურის განცხადებით, სწორედ ამ გზით ცდილობდა ორგანიზაცია თაღლითური გზით მიღებული თანხებისთვის ლეგიტიმური სახის მიცემას - ფული თავდაპირველად Medicare-სა და სხვა რეალური სადაზღვევო კომპანიებიდან მოდიოდა.

იუსტიციის დეპარტამენტმა გუგავას ბანკში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა

საქმის მასალებს თან ახლავს გუგავას ფოტო, რომელიც 2025 წლის 9 ივნისს ბანკის სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

ფოტო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავად გამოაქვეყნა გუგავას წინააღმდეგ ბრალის წარდგენისას.

კომპანია გუგავას ხელში 2025 წელს აღმოჩნდა

ND Medical Solutions ახალი კომპანია არ ყოფილა - მისი სამედიცინო მიმწოდებლის რეგისტრაცია 2024 წლის 7 მაისით თარიღდება. საჯარო სამედიცინო რეესტრის მონაცემებში ერეკლე გუგავა კომპანიის უფლებამოსილ პირად და პრეზიდენტად არის მითითებული. რეესტრში კომპანიის საქმიანობად სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო მარაგების მიწოდებაა მითითებული.

პროკურატურის ინფორმაციით კი გუგავა კომპანიის მფლობელი დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში - 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე - იყო. ამ პერიოდში სწორედ ND Medical-ის სახელით გაიგზავნა $1.3 მილიარდზე მეტი ღირებულების მოთხოვნა სადაზღვევო სისტემებში.

როგორ მუშაობდა თაღლითური სქემა

საქმე მხოლოდ ერთი კომპანიის საქმიანობას არ ეხება. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ND Medical უფრო დიდი, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სქემის ნაწილი იყო.

თაღლითური მოთხოვნების წარსადგენად, სავარაუდოდ, ამერიკის მოქალაქეების მოპარული პირადი მონაცემები გამოიყენებოდა. მათ შორის იყვნენ ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ზოგიერთმა ადამიანმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ Medicare-ის სისტემაში მათ სახელზე მითითებული იყო ისეთი სამედიცინო აღჭურვილობის მოთხოვნები, რომლებიც არასდროს მიუღიათ. დოკუმენტებში ასევე ფიქსირდებოდა ექიმების მიერ გამოწერილი მომსახურებები, რომლებთანაც ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან.

საქმე „Operation Gold Rush“-ის ნაწილია

გუგავას საქმე დაკავშირებულია ფართომასშტაბიან გამოძიებასთან, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „Operation Gold Rush“ უწოდა.

უწყების განცხადებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური ჯანდაცვის თაღლითობის საქმე, რომელიც დეპარტამენტს ოდესმე გამოუძიებია. ორგანიზაციას, რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მოქმედებდა, Medicare-ისა და სხვა სადაზღვევო სისტემების წინააღმდეგ მრავალმილიარდიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების სქემის ორგანიზებას ედავებიან.

ამ საქმის ფარგლებში გუგავას კონკრეტულად ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა ედება ბრალად და არა $1.3 მილიარდის პირადად მითვისება.

პროკურატურის მტკიცებით, ND Medical-ის ანგარიშებზე მიღებული თანხების ნაწილი სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის უნდა გადაერიცხა.

გუგავა აშშ-ში აღარ იმყოფება

აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, გუგავამ ქვეყანა 2025 წლის ივლისში დატოვა. მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ოფიციალურად არ სახელდება.

გუგავას ერთი მუხლით - ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულების ბრალდება აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.