ავტორი:

"გიორგი ნამდვილი მებრძოლია... აქვს ყველა მონაცემი, რომ "ლივერპულის“  N1 მეკარე გახდეს" - როგორ შეფასდა "მამარდას" თამაში "ტოტენჰემთან": რას წერენ პრესა და გულშემატკივრები?

"გიორგი ნამდვილი მებრძოლია... აქვს ყველა მონაცემი, რომ "ლივერპულის“  N1 მეკარე გახდეს" - როგორ შეფასდა "მამარდას" თამაში "ტოტენჰემთან": რას წერენ პრესა და გულშემატკივრები?

ლიგის თასის 1/16-ფინალში "ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემი“ 3:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ირაოლამ როტაციას მიმართა და კარში მამარდაშვილი ჩააყენა, რომელმაც ამ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა.

გიორგიმ დებიუტში ახლო მანძილიდან ბერგვალის დარტყმული ფეხით საოცარი რეაქციით მოიგერია.

"წითლები“ უპირატესობას ფლობდნენ, 21-ე წუთზე მაკ ალისტერმა დააწინაურა, 55-ე წუთზე კი დუბრავკას კარი გაკპომ დალაშქრა. ცოტა ხანში სტუმრებს შანსი მიეცათ, თუმცა მარმუშს ხელსაყრელი პოზიციიდან "მამარდამ“ არ გაატანინა.

69-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურისას ქართველ მეკარეს ბლოკი ჩაუყენეს, ბურთს ვერ მისწვდა და გალაჰერმა ანგარიში შეამცირა. მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ბოლოს კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მარმუში საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და მცველისგან რიკოშეტირებული ბურთი ქართველმა წარმოუდგენელ ნახტომში მოიგერია, ხოლო კომპენსირებულ დროში სობოსლაიმ ჩინებული გოლი გაიტანა, "მამარდამ" კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და "ლივერპულმა“ გაიმარჯვა.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: Sofascore 7.5, Flashscore 7.3, Whoscored 7.1.

მომდევნო მატჩს "ლივერპული“ 20 სექტემბერს ჩაატარებს - პრემიერლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე "ბორნმუთს“ დაუპირისპირდება. sportall.ge

  • რას წერს ინგლისური პრესა?

The Guardian:

"ტოტენჰემმა" მასპინძლებს ნერვიულობის საბაბი მისცა, როდესაც გიორგი მამარდაშვილის შეცდომას კონორ გალაჰერის გოლი მოჰყვა. თუმცა "ლივერპულის“ სათადარიგო მეკარემ შეცდომა რამდენიმე შთამბეჭდავი სეივით გამოასწორა - მათგან საუკეთესო ომარ მარმუშის ურთულესი დარტყმის მოგერიება იყო".

NBC Sports:

"მამარდაშვილის შეცდომამ "ტოტენჰემს“ მატჩში დაბრუნების შანსი მისცა, თუმცა ქართველმა კარის ხაზზე თავისი მთავარი კოზირი - რეფლექსები - შესანიშნავად გამოიყენა და თამაშის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არავის მისცა".

Thisisanfield:

"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა. არაზუსტი პასით დაიწყო, შემდეგ კი ბერგვალს გამაოგნებელი რეაქციით არ გაატანინა. კიდევ კუდუსის დარტყმისას გაიბრწყინა, მაგრამ ჩაწოდებული კუთხურისას კარიდან ცუდად გამოვიდა და გალაჰერმა გაიტანა. მერე ცოტა ხანი დაბნეული ჩანდა, ვიდრე მარმუშის დარტყმული თავისი დათვისებური ხელებით მოიგერია. ბევრ კომპონენტში უდავოდ მაღალი კლასისაა, მაგრამ სტაბილურობისგან შორსაა“.

Anfield Index (8 ქულა): „ქართველი გიგანტი დებიუტში დიდებულად გაისარჯა, როდესაც მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცა. შესვენების შემდეგ უფრო შთამბეჭდავი მოგერიება ჰქონდა. სამწუხაროდ, გაშვებული გოლისას პოზიცია არასწორად შეარჩია. თუმცა, ბოლოს წარმოუდგენელი სეივით რეაბილიტაცია მოახდინა“.

  • რას წერენ გულშემატკივრები?

"ლივერპულის“ ქომაგების რეაქციები ორ ნაწილად იყოფა, თუმცა უმრავლესობა მას მხარს უჭერს:

"მატჩის დებიუტში, ვიდრე ანგარიში გაიხსნებოდა, მუხლით შესრულებულმა იმპროვიზებულმა სეივმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა - ის მოგერიება რომ არა, თამაში სრულიად სხვანაირად წავიდოდა“.

"გიორგი ნამდვილი მებრძოლია. ბევრი მეკარე ასეთი შეცდომის შემდეგ გატყდებოდა, მან კი მარმუშს ისეთი ბურთი აუღო, ტრიბუნები ფეხზე წამოაყენა!“

"შეცდომამ არ გაანაწყენა - პირიქით, იბრძოლა!“

"მან შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ გატყდა და ომარ მარმუშის დარტყმული ფანტასტიკურ სტილში მოიგერია - სწორედ ეს არის მენტალურად ძლიერი მეკარის თვისება"!

"ალისონ ბექერის შემდეგ ნებისმიერ მეკარეს გაუჭირდება იდეალური შთაბეჭდილების დატოვება, თუმცა მამარდაშვილს აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ "ლივერპულის“ N1 მეკარე გახდეს, თუ გამოსვლებსა და პასის სიზუსტეს კიდევ უფრო დახვეწს"