ლოს-ანჯელესში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, ვერტმფრენი ლოს-ანჯელესის ცენტრიდან დაახლოებით 25 მილის დაშორებით, გარეუბან ჩატსვორთში, ავტომობილების სადგომის სიახლოვეს, ორ კომერციულ ნაგებობას (სატვირთო კონტეინერებს) შორის ჩამოვარდა, რასაც სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში, რომლის ჩამოვარდნამაც ხანძარი გამოიწვია. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

LAFD-ის სახანძრო კაპიტანმა, ბრენდენ სილვერმანმა შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამი გარდაცვლილიდან ერთი "სადგომზე, გარეთ მყოფი ქვეითია". მან ასევე დასძინა, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი ჩართული იყო ამ პირის ცეცხლის ზონიდან გამოსაყვანის პროცესში.
სილვერმანის თქმით, ვერტმფრენი "თითქმის სრულად განადგურდა“ და ხელისუფლებას მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და ხომალდის სარეგისტრაციო მონაცემების დადგენისთვის ნანგრევების გაჩხრეკა მოუწევს.
CNN-ის შვილობილი არხის, KCAL/KCBS-ის ცნობით, ხომალდი საინფორმაციო არხის კუთვნილება იყო. ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) ჩანაწერების თანახმად, ის 2004 წელს გამოშვებული Eurocopter AS350 B2 გახლდათ - პოპულარული, ერთძრავიანი მრავალფუნქციური ვერტმფრენი.