XI მოწვევის პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ აირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგში მესამედ დგება.
14 სექტემბერს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ბორაშვილს ჯერ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
კანონის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევა.
თანამდებობაზე ყოფნის ვადა კია 6-წლიანი, თუმცა თანამედროვე ქართულ რეალობა ასეთია, რომ ქართველმა კანონმდებლებმა ბოლო 13 თვეში სუს-ის მეოთხე უფროსი უნდა აირჩიონ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა. ის მანამდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ბორაშვილის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების თაობაზე ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება, შესაბამისად, მხოლოდ კობახიძის მიერ გავრცელებულ ცნობებს უნდა დავჯერდეთ.
თამაზ ბორაშვილი 20 წელიწადზე მეტია, მსახურობს სამართალდამცავ სისტემაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე.
2017 -2022 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შს სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს.
2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს.
წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში", - განაცხადა პრემკიერმა.
აღსანიშნავია, რომ გეკა გელაძეს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია. 14 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მას "პირადი მიზეზები ჰქონდა, რაზე საუბარიც არ ისურვა“.
გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2026 წლის 22 აპრილს დაინიშნა. მანამდე, 2025 წლის 28 მაისიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მან მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა, რომელმაც 2026 წლის 21 აპრილს დატოვა თანამდებობა. მდინარაძე სუს-ის უფროსი იყო 2025 წლის 3 სექტემბრიდან. მდინარაძემდე თანამდებობას ანრი ოხანაშვილი იკავებდა 2025 წლის 4 აპრილიდან.