"დონ უმცროსს რუსი ოლიგარქი, ორი კუნძული და ფეიერვერკი სჭირდებოდა. მე დასავლეთ ჰოლივუდში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დავქორწინდი. იქ ბევრად უფრო მაგარი იყო“ - ასე გამოეხმაურა ჰანტერ ბაიდენი დონალდ ტრამპის ვაჟის ქორწილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილის შემდგომი ღონისძიებების ნაწილი რუსმა ბიზნესმენმა და საერთაშორისო კრივის ასოციაციის პრეზიდენტმა უმარ კრემლევმა დააფინანსა.

დონალდ ტრამპ უმცროსი და ბეტინა ანდერსონი 2026 წლის მაისში დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილი ბაჰამის კუნძულებზე გააგრძელა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სწორედ ამ ღონისძიებების ნაწილის ხარჯები, ProPublica-ს ინფორმაციით, კრემლევმა დაფარა.
კრემლევმა კერძო კუნძულის დაქირავებისა და ფეიერვერკის შოუს ხარჯები გადაიხადა. საერთო თანხამ, არსებული ინფორმაციით, ასობით ათასი დოლარი შეადგინა. თავად ბეტინა ანდერსონმა კრემლევის მონაწილეობა დაადასტურა, მას „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა და დაამატა, რომ ეს „განსაკუთრებით გულუხვი საქორწილო საჩუქარი“ იყო.

ქორწილს დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ ტრამპის ოჯახის წევრები, მათ შორის ერიკი, ივანკა და ტიფანი ტრამპები. თავად დონალდ ტრამპი ქორწილს არ დასწრებია.
უმარ კრემლევი საერთაშორისო კრივის ასოციაციის (IBA) პრეზიდენტია. დონალდ ტრამპ უმცროსთან მას საბრძოლო სპორტისადმი საერთო ინტერესიც აკავშირებს. ისინი 2025 წელს სტამბოლში IBA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ერთად გამოჩნდნენ.

ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე კრემლევი ვლადიმერ პუტინის დელეგაციასთან ერთად ჩინეთში იმყოფებოდა. მისი პრესსამსახურის განცხადებით, ის პუტინის ოფიციალური დელეგაციის წევრი არ ყოფილა. კრემლევის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ მასსა და ტრამპ უმცროსს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და პოლიტიკაზე არ საუბრობენ.
რაც შეეხება ჰანტერ ბაიდენს, მისი პირადი ცხოვრება და სამართლებრივი პრობლემები წლების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. ყოფილი მეუღლე, კეტლინ ბიული, ჰანტერს 2017 წელს დაშორდა. 2022 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში ბიული წერდა, რომ მათი ქორწინების ბოლო პერიოდში ჰანტერს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.