რამდენიმე დღის წინ თბილისის მერს, კახა კალაძეს დედა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მედეა შენგელია ჩაფიძის კლინიკაში დაიღუპა.
"რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა. უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა, გაიზიარა ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.
დედის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც, დედა განსაკუთრებული იყო და მინდა ყველას გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული განსაკუთრებულია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო როგორც ჩემი, ისე ჩემი ოჯახის დაფასებისთვის" - თქვა კალაძემ.
მედეა შენგელია მეუღლესთან, კარლო კალაძესთან ერთად, ქალაქ სამტრედიაში ცხოვრობდა. საზოგადოებრივ ასპარეზზე ხშირად არ ჩნდებოდა და მედიასთან კომუნიკაციას ერიდება, თუმცა თბილისის მერი სოციალურ ქსელებში მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებდა ხოლმე.
კალაძემ მშობლების შესახებ რამდენიმე წლის წინ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა:
„დღეს გულწრფელად, ადამიანურად ამ ორი ადამიანის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე სპორტში, ცხოვრებაში, ამ ადამიანების გვერდით დგომითა და მხარდაჭერით მოხდა ეს ყველაფერი, რასაც ალბათ ვერასდროს გადავიხდი“, - განაცხადა კალაძემ.