ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს.
სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასამართლო გარჩევის შეჩერების მცდელობას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ნამახვანჰესის” 800 მლნ დოლარის პროექტის დახურვას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ 433 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. საბოლოოდ კი, 2021 წლის სექტემბერში, ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და უკვე ოქტომბერში საარბიტრაჟო დავაც დაიწყო.
კომპანიამ არბიტრაჟს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო მიმართა, რაც საინვესტიციო შეთანხმების მოშლას უკავშირდებოდა.
2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ „ენკასთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქვეყანას „ენკასთვის“ 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი, SOFR+4%, რაც თანხის ძირს თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე ერიცხება და მთლიანობაში უკვე 400 მლნ დოლარს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
2025 წლის დასაწყისში საქართველომ პარიზის სააპელაციო სასამართლოში არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, კომპანიამ კი გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით აშშ-ს სასამართლოს მიმართა. სასამართლოს ჩანაწერის მიხედვით, ENKA Renewables-მა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს იმიტომ მიმართა, რომ აშშ არბიტრაჟის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერია და მოდავე მხარეებს მისი იურისდიქციის გამოყენება შეუძლიათ.
ამდენად, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ENKA-მ მიერ წარდგენილი 2024 წლის დეკემბრის განაჩენი აღსრულებაში მოიყვანა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ Enka Renewables თურქული საინჟინრო-ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილი კომპანიაა.