ავტორი:

რუსული სპეცსამსახურები აშშ-სა და ევროპაში მკვლელობებსა და დივერსიებს გეგმავდნენ: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აგენტურული ქსელის წევრების ვინაობას ასაჯაროებს - სკანდალური საქმის დეტალები

რუსული სპეცსამსახურები აშშ-სა და ევროპაში მკვლელობებსა და დივერსიებს გეგმავდნენ: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აგენტურული ქსელის წევრების ვინაობას ასაჯაროებს - სკანდალური საქმის დეტალები

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოააშკარავა აგენტურული ქსელი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების დავალებით, აშშ-სა და ევროპაში დივერსიებსა და ოპოზიციონერთა მკვლელობებს ამზადებდა. უწყების ცნობით, ქსელის წევრები აქტიურად ეძებდნენ შემსრულებლებს მინიმუმ ორი რუსი ოპოზიციონერის ფიზიკური განადგურებისა და იმ ევროპულ სამხედრო თუ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის, რომლებიც უკრაინასთან არიან დაკავშირებულნი.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა რუსი ოპოზიციონერების მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ქსელის მხილების შესახებ განაცხადა
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა რუსი ოპოზიციონერების მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ქსელის მხილების შესახებ განაცხადა

ამერიკულმა მხარემ უკვე გაასაჯაროვა ბრალდება ხუთი პირის მიმართ, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, პირდაპირ რუსეთის დაზვერვაზე მუშაობდნენ.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ჯგუფი "უხდიდა და ცდილობდა გადაეხადა ფული პირებისთვის აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, რათა ეთვალთვალათ კონკრეტული ადამიანებისთვის და განეხორციელებინათ მათი მიზნობრივი მკვლელობები. გარდა ამისა, ავალებდა თანამზრახველებს ტერორისტული აქტების მოწყობასა და მცდელობას ევროპულ ქვეყნებში არსებულ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე“.

ქსელის გამოვლენაზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) იმუშავა.

"დღეს წარდგენილი ბრალდებები FBI-ის მრავალი რეგიონული განყოფილებისა და პარტნიორი სააგენტოს მასშტაბური შრომის დაგვირგვინებაა. მათ ერთობლივად აღკვეთეს რუსეთის მცდელობა, ძალადობრივი აქტები განეხორციელებინა, როგორც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, ისე მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ბიუროს დირექტორის თანაშემწემ, დარენ კოქსმა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გამოძიებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა:

"სანამ არ მოვისმენთ და ვერ ვნახავთ რაიმე დამაჯერებელ მტკიცებულებასა და რეალურ არგუმენტებს, ამ ამბების კომენტირებას საჭიროდ არ ვთვლით“.

  • ვის წაუყენეს ბრალი?

მამა-შვილი ხრამეევები

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებში ხუთი პირი ფიგურირებს:

  • იური ხრამეევი (63 წლის): საქმეში მოხსენიებული როგორც "პოლკოვნიკი იური“, რუსული სპეცსამსახურების ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ოპოზიციონერთა მკვლელობებისთვის ხალხის გადაბირებას ხელმძღვანელობდა;
  • კირილ ხრამეევი (27 წლის): მისი შვილი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი;
  • ოემის რომაგოსა დურუტი (35 წლის):კუბის მოქალაქე;
  • იაიდელ დელგადო სუარესი (35 წლის): მეტსახელად "ვიკინგი“, კუბის მოქალაქე;
  • ანხელ ედუარდო კასტრო (22 წლის): ვენესუელის მოქალაქე.

კუბელ ოემის რომაგოსა დურუტიზე მედია ადრეც წერდა, კერძოდ ლიეტუვაში მომხდარ დივერსიებთან დაკავშირებით.

Deutsche Welle-მ საქმის მასალებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ 2024 წელს ვინმე ფსევდონიმით "დიოსი“ გადაბირებულ შემსრულებლებს ავალებდა სამშენებლო მასალების საწყობების ცეცხლის წაკიდებას პოლონეთში, ავტობუსების პარკის გადაწვას ჩეხეთში, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს დაზიანებას რუმინეთში და იმ ლიეტუვური წარმოების მოწყობილობების განადგურებას, რომლებიც უკრაინისთვის იყო განკუთვნილი.

გამოცემის ცნობით, ამ ფსევდონიმის უკან სწორედ რუსეთში მცხოვრები კუბის მოქალაქე ოემის რომაგოსა დურუტი დგას, რომელზეც ლიეტუვის სამართალდამცავებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.

ხანძარი ვარშავის სავაჭრო ცენტრში, 2024 წლის 12 მაისი
  • რაში ედებათ ბრალი?

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ჯგუფი პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.

2026 წლის ზაფხულში ქსელმა აშშ-ის რეზიდენტი გადაიბირა, რომელსაც შტატებში მცხოვრები ცნობილი რუსი ოპოზიციონერისთვის უნდა ეთვალთვალა (მისი ვინაობა არ საჯაროვდება და დოკუმენტებში "მსხვერპლი-1“-ად მოიხსენიება). სუარესმა გადაბირებულ პირს თვალთვალისთვის საჭირო მონაცემები გადასცა, მან კი დამკვეთს პოტენციურ მსხვერპლთან დაკავშირებული ადგილების ფოტო და ვიდეომასალა მიაწოდა. ამის შემდეგ სუარესმა და კასტრომ მას მკვლელობის ჩადენა შესთავაზეს 40 000 დოლარის სანაცვლოდ. გარდა ამისა, სუარესი აშშ-ში სხვა პირების გადაბირებასაც ცდილობდა, არა მხოლოდ "მსხვერპლი-1“-ის, არამედ სხვა სამიზნეების დასათვალიერებლად და ლიკვიდაციისთვის.

2025 წელს FBI-მა დაადგინა, რომ ამავე ქსელმა აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე გადაიბირა ლიეტუვაში მყოფი სხვა რუსი ოპოზიციონერის ("მსხვერპლი-2“) სათვალთვალოდ. ამ ოპერაციაში კირილ ხრამეევი და მისი მამა, იური ხრამეევი მონაწილეობდნენ.

იური ხრამეევი

სქემა იგივე იყო: ჯერ საცხოვრებელი მისამართის ფოტოები მოითხოვეს, შემდეგ კი ხრამეევ-უფროსმა შემსრულებელს მკვლელობისთვის 25 000 დოლარი შესთავაზა.

როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, იური ხრამეევმა შემსრულებელს განუმარტა, რომ "მსხვერპლი-2“-ის სიკვდილი იმის გამო სურდა, რომ ის "ქვეყანას ტალახს ესროდა“ და "ისტორიას ამახინჯებდა“. როდესაც ამერიკელმა მკვლელობაზე უარი თქვა, მას "უფრო მარტივი საქმე“ შესთავაზეს - პროდუქციის საწყობის გადაწვა ან ელექტროქვესადგურისთვის "მოლოტოვის კოქტეიულის" სროლა.

ქსელი ევროპაში დივერსიების მოსაწყობადაც იბირებდა ხალხს. ოემის რომაგოსა დურუტი 2024 წლის ივნისში ჩეხეთში, ხოლო სექტემბერში ლიეტუვაში მომხდარი დივერსიების კოორდინაციას ეწეოდა.

ხუთივე პირს - იური ხრამეევს, კირილ ხრამეევს, ოემის რომაგოსა დურუტის, იაიდელ დელგადო სუარესსა და ანხელ ედუარდო კასტროს - ბრალი ტერორიზმის დაფინანსების შეთქმულებაში ედებათ. გარდა ამისა, იური ხრამეევს, სუარესსა და კასტროს შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვაშიც წაუყენეს ბრალდება. პირველი მუხლი 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე - 10 წლამდე.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმის ყველა ფიგურანტი ამჟამად თავისუფლებაზე იმყოფება. წყარო