პლანეტა ვენერა დედამიწას ზომით, მასითა და აგებულებით ყველაზე მეტად ჰგავს, თუმცა მას ერთი მნიშვნელოვანი რამ აკლია - საკუთარი თანამგზავრი. მეცნიერებს აქამდე რამდენიმე შესაძლო ახსნა ჰქონდათ, ახლა კი ასტროფიზიკოსმა ახალი თეორია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ვენერას შესაძლოა ოდესღაც მართლაც ჰყავდა თანამგზავრი, თუმცა პლანეტამ ის საბოლოოდ "შთანთქა“.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, ასტროფიზიკოს სტივენ კრეინის მიერ შემოთავაზებული თეორიის თანახმად, მთავარი მიზეზი ვენერას უკიდურესად ნელი ბრუნვაა. მეცნიერმა პლანეტის შესაძლო თანამგზავრების ქცევა კომპიუტერული მოდელებით შეისწავლა და დაასკვნა, რომ მათი ბედი, ზომის მიუხედავად, საბოლოოდ ერთი იქნებოდა - ისინი ვენერასკენ დაიწყებდნენ მოძრაობას და გარკვეული დროის შემდეგ პლანეტას შეეჯახებოდნენ.
"თუ მას თანამგზავრი ჰყავდა, და სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე ჰყავდა კიდეც, ის მას ვერ შეინარჩუნებდა“, - ამბობს კრეინი.
ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს დაახლოებით 243 დედამიწის დღეში ასრულებს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე პლანეტას მზის გარშემო ერთი სრული შემოვლისთვის სჭირდება.
შედარებისთვის, დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო დაახლოებით 24 საათში ბრუნავს.
სწორედ პლანეტის ბრუნვის სიჩქარეს უკავშირებს მეცნიერი თანამგზავრის შესაძლო ბედს. დედამიწის შემთხვევაში, მისი სწრაფი ბრუნვა მთვარეზე ენერგიის გადაცემას იწვევს და ჩვენი თანამგზავრი დედამიწას ნელ-ნელა შორდება - დაახლოებით 4 სანტიმეტრით წელიწადში.
ვენერასთან პროცესი საპირისპიროდ განვითარდებოდა: მისი ძალიან ნელი ბრუნვის პირობებში თანამგზავრი პლანეტასთან უფრო და უფრო ახლოს მივიდოდა, საბოლოოდ კი მას შეეჯახებოდა.
კრეინის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა მოდელებმა სხვადასხვა ზომის სავარაუდო თანამგზავრები შეისწავლა. შედეგი ყველა შემთხვევაში მსგავსი აღმოჩნდა - ადრე თუ გვიან თანამგზავრი ვენერაზე დაეცემოდა.
მეცნიერებს ამ დრომდე ორი ძირითადი ვარაუდი ჰქონდათ: ვენერას შესაძლოა თავიდანვე არ ჰყოლია თანამგზავრი, ანაც ოდესღაც ჰყავდა, რომელიც სხვა ციურ სხეულთან მასშტაბური შეჯახების შედეგად განადგურდა.
ახალი თეორია ამ სურათს კიდევ ერთ შესაძლებლობას ამატებს - ვენერას შესაძლოა თანამგზავრი შეექმნა, მაგრამ პლანეტის ნელი ბრუნვის გამო ის ვერ შეინარჩუნა.
თუ ეს მართლაც ასე მოხდა, სავარაუდო შეჯახება ვენერას არსებობის ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით პირველი მილიარდი წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. თავად ვენერა, ისევე როგორც მთელი მზის სისტემა, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა.
ვენერას ისტორიის შესწავლა მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწასთან მსგავსების მიუხედავად, პლანეტაზე სრულიად განსხვავებული პირობები ჩამოყალიბდა. მისი სქელი და ტოქსიკური ატმოსფერო ძლიერ სათბურის ეფექტს ქმნის, რის გამოც ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 471 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც იმდენად მაღალია, რომ ტყვიის დნობაც კი შეუძლია.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ვენერას ისტორიის შესახებ მეტი დეტალი უახლოეს წლებში გახდება ცნობილი.