დემენცია ერთ დღეში არ ვითარდება. ტვინში მიმდინარე ცვლილებები ზოგჯერ დიაგნოზის დასმამდე წლებით ადრე იწყება, თუმცა პირველი ნიშნები იმდენად მსუბუქი შეიძლება იყოს, რომ მათ ვერც თავად ადამიანი და ვერც ოჯახის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას ვერ მიაქცევენ.
დემენცია ერთი კონკრეტული დაავადების სახელწოდება არ არის, ეს სიმპტომების ერთობლიობაა, რომლის დროსაც აზროვნების უნარის დაქვეითება უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ალცჰაიმერის დაავადებაა, თუმცა დემენცია შეიძლება სხვა დაავადებებსაც უკავშირდებოდეს.
პირველი ნიშნები ყველა ადამიანში ერთნაირი არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში თავდაპირველად მეხსიერება ზიანდება, სხვებთან კი ცვლილება ქცევაში, მეტყველებაში, ყურადღებაში ან ორიენტაციაში ხდება შესამჩნევი.
სახელის დავიწყება, გასაღებების ვერსად პოვნა ან იმის ვერ გახსენება, რატომ შეხვედი ოთახში, თავისთავად დემენციაზე არ მიუთითებს. ასეთი რამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. უფრო საყურადღებოა, როდესაც ადამიანი განმეორებით ივიწყებს ახლახან მიღებულ ინფორმაციას და შემდეგ ვეღარ იხსენებს მას. შესაძლოა ერთი და იგივე კითხვა რამდენჯერმე დასვას, ერთი ამბავი რამდენჯერმე მოყვეს ან ახლო წარსულში მომხდარი მოვლენები ვერ გაიხსენოს.
მაგალითად, ადამიანს შეიძლება ძალიან კარგად ახსოვდეს ათწლეულების წინ მომხდარი ამბავი, მაგრამ უჭირდეს იმის გახსენება, რაზე ისაუბრა ნახევარი საათის წინ.
ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებით დამახასიათებელია ახალი მოგონებების ჩამოყალიბების გაძნელება. ოჯახის წევრები ასეთ ცვლილებებს ზოგჯერ თავად ადამიანზე ადრეც ამჩნევენ.
დემენციის პირველი ნიშანი ყოველთვის დავიწყება არ არის. ზოგჯერ ადამიანი მოულოდნელად ვეღარ უმკლავდება ისეთ საქმიანობას, რომელსაც წლების განმავლობაში უპრობლემოდ აკეთებდა. მაგალითად, შეიძლება გაუჭირდეს საყვარელი და კარგად ნაცნობი რეცეპტის მომზადება, გადასახადების გადახდა, საბანკო საქმეების მოწესრიგება ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება.
შესაძლოა აერიოს მოქმედებების თანმიმდევრობა, დაკარგოს საქმის გაგრძელების ლოგიკა, გაუჭირდეს დაგეგმვა ან ისეთი შეცდომები დაუშვას, რომლებიც ადრე მისთვის უჩვეულო იყო.
ხანდახან საჭირო სიტყვის ან სახელის გახსენება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ თუ ასეთი შემთხვევები გახშირდა და საუბრის მიმდინარეობასაც უშლის ხელს, ამას ყურადღება უნდა მიექცეს.
ადამიანმა შეიძლება წინადადების შუაში შეწყვიტოს საუბარი, რადგან აღარ იცის, რა უნდა თქვას, ან ჩვეულებრივი ნივთის სახელი ვერ გაიხსენოს და მისი აღწერა დაიწყოს. მაგალითად, “საათის“ ნაცვლად თქვას “ის, რითაც დროს ვამოწმებთ“.
შესაძლოა საუბრის მიყოლაც გაუჭირდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ლაპარაკობს ან საუბარი უფრო რთულ თემას ეხება. ზოგიერთი ტიპის დემენციის დროს ენობრივი პრობლემები განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზევე იჩენს თავს.
დემენციის კიდევ ერთი ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს დროისა და სივრცის მიმართ ორიენტაციის გაუარესება.
ადამიანმა შეიძლება ხშირად აურიოს თარიღები, ვერ გაიხსენოს, კვირის რომელი დღეა ან გაუჭირდეს იმის განსაზღვრა, როდის მოხდა კონკრეტული ამბავი.
ასევე შეიძლება პრობლემად იქცეს ნაცნობ ადგილებში გადაადგილება. ადამიანი, რომელიც ადრე თავისუფლად დადიოდა კონკრეტული მარშრუტით, შეიძლება მოულოდნელად დაიბნეს, ვერ იპოვოს გზა ან მანქანით არასწორი მიმართულებით წავიდეს. ერთხელ უცნობ ადგილას გზის არევა, რა თქმა უნდა, პრობლემის ნიშანი არ არის. უფრო საყურადღებოა, როდესაც ადამიანი ათწლეულების განმავლობაში ნაცნობ მარშრუტზეც იწყებს სისტემატურად დაკარგვას.
დემენციამ შეიძლება არა მხოლოდ მეხსიერებასა და აზროვნებას, არამედ ადამიანის ქცევასა და პიროვნულ თვისებებსაც შეეხოს.
ადრე კომუნიკაბელური ადამიანი შეიძლება ჩაიკეტოს, დაკარგოს ინტერესი საყვარელი საქმიანობის მიმართ ან თავი აარიდოს სიტუაციებს, რომლებშიც თავს დაუცველად გრძნობს. შესაძლოა მოიმატოს შფოთვამ, გაღიზიანებამ ან ეჭვიანობამ.
ზოგჯერ იცვლება გადაწყვეტილებების მიღების უნარიც. ადამიანი შეიძლება ადვილად გახდეს თაღლითობის მსხვერპლი, დაუფიქრებლად დახარჯოს ფული ან ისეთ სიტუაციაში მოიქცეს შეუფერებლად, სადაც ადრე ზუსტად იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა. ზოგიერთი ტიპის დემენციის დროს, განსაკუთრებით ფრონტოტემპორალური დემენციის შემთხვევაში, პიროვნებისა და ქცევის ცვლილება მეხსიერების პრობლემაზე ადრეც კი შეიძლება გახდეს შესამჩნევი.
მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებს სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. მათ შორისაა დეპრესია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, B12 ვიტამინის დეფიციტი, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, ძილის აპნოე და ალკოჰოლის მოხმარება.
არსებობს ასევე მსუბუქი კოგნიტური დარღვევა - MCI, რომელიც ნორმალურ დაბერებასა და დემენციას შორის მდგომარეობად მიიჩნევა. ის ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს მომავალში დემენცია განუვითარდება: ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობა სტაბილური რჩება, ზოგჯერ კი კოგნიტური ფუნქციები უმჯობესდება.
თუ მეხსიერების, მეტყველების, ორიენტაციის, გადაწყვეტილების მიღების ან ქცევის ცვლილებები ადრე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით აშკარა გახდა, მეორდება ან თანდათან ძლიერდება, ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პრობლემები უკვე ყოველდღიურ ცხოვრებასაც უშლის ხელს.
დიაგნოზის დასმა ერთი კონკრეტული ტესტით არ ხდება. ექიმი აფასებს სიმპტომების ისტორიას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და მედიკამენტებს, საჭიროების შემთხვევაში ტარდება კოგნიტური ტესტები, ლაბორატორიული კვლევები და ზოგჯერ თავის ტვინის CT ან MRI.