ავტორი:

პრჟევალსკის ცხენები ჩერნობილიდან - რა ბედი ეწია, 1998 წელს, ბირთვული კატასტროფის ზონაში შეყვანილ ცხოველებს და რა ხდება ახლა?

პრჟევალსკის ცხენები ჩერნობილიდან - რა ბედი ეწია, 1998 წელს, ბირთვული კატასტროფის ზონაში შეყვანილ ცხოველებს და რა ხდება ახლა?

ჩერნობილის ზონა 1986 წლის ბირთვული კატასტროფის შემდეგ, რადიაციის გამო დედამიწის განსაკუთრებით საშიშ ადგილად იქცა, წლების განმავლობაში მოსახლეობისგან თითქმის დაცარიელდა, თუმცა ბუნებამ ეს სივრცე ნელ-ნელა დაიბრუნა და დღეს იქ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცხოველური პოპულაციის ისტორიასაც აკვირდებიან.

1998 წელს ჩერნობილის ზონაში პრჟევალსკის 31 ცხენი შეიყვანეს. ეს იყო მცდელობა, გადაშენების პირას მყოფი სახეობისთვის თავისუფლად ცხოვრების პირობები შეექმნათ და ამავდროულად მიტოვებულ ტერიტორიაზე ეკოსისტემის აღდგენისთვის ხელი შეეწყოთ.

თუმცა მათი ისტორია თავიდან არც ისე მარტივად განვითარდა.

  • ცხენების ნაწილი გზაში დაიღუპა

31 ცხენი ჩერნობილის ზონაში ერთდროულად არ ჩაუყვანიათ. ჯერ 28 ჩაიყვანეს ასკანია-ნოვას ბიოსფერული ნაკრძალიდან , შემდეგ კიდევ სამი - ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.

ტრანსპორტირების დროს ან მალევე ამის შემდეგ რვა ცხენი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ გადარჩენილი ცხოველები პირდაპირ ველურ გარემოში არ გაუშვიათ - მათ სპეციალურ შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე რამდენიმე კვირიდან რვა თვემდე გააჩერეს, რათა ახალ გარემოს შეჰგუებოდნენ.

ჩერნობილის ზონაში ჩამოყვანილი 31 ცხენიდან ახალი პოპულაციის შექმნაში 17-მა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო 2 ულაყი და 15 ფაშატი.

  • პოპულაცია გაიზარდა, თუმცა ცხენებს საფრთხე თავიდანვე ემუქრებოდათ

როდესაც გამრავლება დაიწყო, ცხენების რაოდენობამ სწრაფად იმატა. 2003 და 2004 წლებში პოპულაციაში უკვე 65 ცხოველი იყო. შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდა და 2007 წლისთვის დაახლოებით 50-მდე ჩამოვიდა. 2008 წლის ბოლოს კი 64 ცხენი აღირიცხა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ბრაკონიერობა იყო. 1999-2006 წლებში 55 ცხენი დაიკარგა, თუმცა ყველა შემთხვევის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. იმ 18 შემთხვევიდან, რომელთა მიზეზიც დადგინდა, 13 ბრაკონიერობას უკავშირდებოდა.

მიუხედავად ამისა, პოპულაციამ არსებობა და გამრავლება განაგრძო.

  • 2018 წლისთვის უკვე 137 ცხენი აღირიცხა

მნიშვნელოვანი სურათი 2018 წელს კამერების გამოყენებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. უკრაინის ჩერნობილის ზონაში 137 პრჟევალსკის ცხენი აღირიცხა.

მათ შორის იყვნენ 47 ულაყი, 66 ზრდასრული ფაშატი, ასევე 24 კვიცი.

ცხენები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არ დარჩენილან. მათი ნაწილი ბელარუსის მხარესაც გადავიდა. იქ მინიმუმ ოთხი ცხოველი - ერთი ულაყი, ორი ფაშატი და ერთი კვიცი დაფიქსირდა.

კვლევამ აჩვენა, რომ ისინი შემთხვევით მიმოფანტული ცხოველები აღარ იყვნენ. ცხენები ჯგუფებად ცხოვრობდნენ - დაფიქსირდა რამდენიმე ოჯახური ჯგუფი კვიცებით, ულაყების მცირე ჯგუფები და მარტოხელა მამრებიც.

  • ჩერნობილის ცხენები მხოლოდ მინდვრებში აღარ ცხოვრობენ

პრჟევალსკის ცხენები ძირითადად ღია სივრცეებთან ასოცირდებიან, თუმცა ჩერნობილის ზონაში მათთვის გარემო გაცილებით მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

კვლევის დროს ცხოველები ტყიან ტერიტორიებშიც ნახეს ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ჩერნობილის ზონა დღეს მხოლოდ მინდვრებისა და მდელოებისგან არ შედგება - ადამიანების წასვლის შემდეგ ტყემ და მცენარეებმა ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავა.

ცხენების გადაადგილებას მკვლევრები კამერებისა და ხანგრძლივი დაკვირვების საშუალებით სწავლობენ.

  • რას ნიშნავს ეს რადიაციისთვის?

ჩერნობილის ზონაში ცხენების რაოდენობის ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ რადიაცია მათზე გავლენას არ ახდენს.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ პოპულაციის ზრდა და ცალკეული ცხოველების ჯანმრთელობა ორი განსხვავებული საკითხია. ამასთანავე, ადამიანების თითქმის სრული გაქრობის შემდეგ ტერიტორიაზე შემცირდა სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ნადირობა და სხვა სახის მუდმივი ზეწოლა.

ამიტომ რთულია ზუსტად იმის თქმა, რა როლს ასრულებს ამ ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი მაღალი რადიაცია და რა გავლენა აქვს ადამიანების არყოფნას.

კვლევა ძირითადად ცხენების რაოდენობას, განაწილებასა და სოციალურ ჯგუფებს აკვირდებოდა და არ წარმოადგენდა ექსპერიმენტს, რომელიც რადიაციის გავლენას სხვა ფაქტორებისგან ცალკე გაზომავდა.

ერთი რამ კი ნათელია: 1986 წლის კატასტროფის შემდეგ დაცარიელებულ ტერიტორიაზე პრჟევალსკის ცხენებმა შეძლეს დამკვიდრება, გამრავლება და ახალი თაობების გაჩენა.

ჩერნობილის ზონა დღეს მეცნიერებისთვის ერთგვარ ბუნებრივ ლაბორატორიად რჩება - ადგილი, სადაც შესაძლებელია დაკვირვება, როგორ იცვლება ეკოსისტემა მაშინ, როდესაც ადამიანი მოულოდნელად ქრება და ბუნებას სივრცე უბრუნდება.