ღაზას სექტორში, გასულ ღამეს, ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 ბავშვია, ხოლო ათეულობით მცხოვრები დაკარგულად ითვლება. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
თვითმხილველების თქმით, ღაზას ტერიტორიაზე, თალ ალ-ჰავას რაიონში მდებარე 6-სართულიანი შენობა ისრაელის მიერ წელიწადზე მეტი ხნის წინ განხორციელებული დარტყმის შემდეგ საშიშად იყო გადახრილი. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, უიმედო მდგომარეობაში მყოფი დევნილი ოჯახები იძულებულნი იყვნენ ამ ავარიულ შენობაში ეცხოვრათ. შენობაში დაახლოებით 10 ოჯახი ბინადრობდა.

ახლომდებარე კარავში მცხოვრებმა ურმ მოჰამედ ბაკრუნმა განაცხადა, შენობა გამთენიისას მოულოდნელად ჩამოინგრა.
“ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ხმაური გაისმა, ფეხზე დგომა ვერ შევძელი, ქვები წვიმასავით ცვიოდა“, - განუცხადა მან BBC-ს.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ღაზას ოფისის ხელმძღვანელმა, ალესანდრო მრაკიჩმა განაცხადა, რომ ნანგრევებში, სავარაუდოდ, 70-დან 100-მდე ადამიანია ჩარჩენილი. სამაშველო ოპერაციაში გაეროს სააგენტოები და ეგვიპტური ჯგუფი ჩაერთნენ, თუმცა საჭირო აღჭურვილობის არარსებობის გამო პროცესი ნელა მიმდინარეობს.
ჰამასის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მაშველები იძულებულნი გახდნენ, ნანგრევები შიშველი ხელებით გაეთხარათ.
“ნანგრევებიდან ჯერ კიდევ გვესმის ხმები, ასე რომ, ადამიანების გადარჩენის იმედი კვლავ არსებობს“, - განაცხადა ღაზას სამოქალაქო თავდაცვის დირექტორმა რაედ ალ-დაჰშანმა.
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორის თქმით, ღაზას სექტორში ომისგან დაზიანებული დაახლოებით 400 შენობა ჩამონგრევის პირასაა მისული
გაეროს მონაცემებით, ისრაელსა და ჰამასს შორის ომის განმავლობაში ღაზაში არსებული შენობა-ნაგებობების დაახლოებით 80% განადგურდა ან დაზიანდა. 1.9 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც მოსახლეობის დაახლოებით 90%-ია, იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. ამჟამად 1.2 მილიონი ადამიანი კარვებსა თუ დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.
გასული წლის ოქტომბერში შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაცია კვლავ მძიმეა, რადგან ისრაელის საჰაერო დარტყმები და თავდასხმები დასახლებულ პუნქტებზე გრძელდება. სამშაბათს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე ხუთი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი და ჰამასის მეთაური.
ისრაელსა და ჰამასს შორის ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რასაც ისრაელში 1 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 251 მძევლად აიყვანეს. მას შემდეგ ღაზაში, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 73 790-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.