წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული თბილისის ურბანული განაშენიანების შესახებ “ფესბუქზე“ წერს სადაც აღნიშნავს, რომ ქალაქმა მისი დამახასიათებელი გარემო, სიმწვანე და არქიტექტურა დაკარგა.
“როგორც სტამბოლის ევროპული ნაწილი იქცა ქვის ქალაქად, სადაც ხის დანახვაც კი ზოგჯერ გაკვირვებას იწვევს, იმ გზას გაუყენეს თბილისი რახანია. ეს ქალაქი, სადაც ჩემი თაობა დაიბადა და გაიზარდა, დღეს იმ თბილისთან შედარებით ქაბულია. მისი სილამაზე და სივრცე დაკომპლექსებულმა პროვინციალიზმმა შთანთქა.
თბილისი სიმწვანის, ბაღების, მზისა და ვარდების ქალაქი იყო, მართლაც. ძირითადი თბილისის სილამაზე მხოლოდ არქიტექტურაში არ იკითხებოდა. რაც მთავარია, მას სივრცე, სილაღე და ღიმილიანი სახეები სდევდა თან.
ძველი თბილისის უბნები და ქუჩები, თბილისური სახლებით, აივნიანი ეზოებითა და გადმოშვებული მცენარეებით, ჭარბად მდგარი ხეებით, მზით განათებული არეებითა და ნაგებობებით. ეს ყველაფერი, მასთან ერთად შექმნილი სილამაზე და ქცევის წესები ერთი ქალაქის სული იყო.
ახლა კი ქალაქი ჩაბეტონებულმა “გრანდიოზულმა“ შენობა-საცხოვრებლებმა, დაბინძურებულმა გარემომ შთანთქა. და რაც კიდევ მეტად შემზარავი და საგანგაშოა, ამ უსახურობას დასასრული პირი არ უჩანს. ქალაქს სუნთქვის საშუალება აღარ აქვს.
მომავალი თაობები, როცა ადრინდელი თბილისის ფოტოსურათებს ნახავენ, იკითხავენ: რა ხალხი იყო, ვის სძულდა ასე ეს ქალაქი? ვინ წაართვა მამადავითს თბილისი და თბილისს მამადავითი?!
ჯერ კიდევ მამა დავითის ტაძრის წინამძღვარი ვიყავი, გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, როდესაც თბილისის ურბანული ხელყოფის პროცესი დაიწყო. მთაწმინდა, მამა დავითის მისადგომი იყო ის პირველი ადგილი, სადაც ურბანული ლახვარი ჩასცეს დედაქალაქს. შევეცადე, შემეჩერებინა ეს პროცესი, თუმცა, როგორც სხვა დროს, მაშინაც მარტო აღმოვჩნდი, რადგან ყველა ისინი დუმდნენ, რომლებიც ყველა დროში მდუმარე “სულგრძელებით“ ითმენდნენ იმას, რისი მოთმენაც უკვე ბოროტებას ჰგავდა.
მისი განვითარება კანონზომიერი პროცესია, მაგრამ ზრდა არ უნდა ნიშნავდეს ხელყოფას, თვითმყოფადი სახის დაკარგვას. შეიძლება აშენდეს თანამედროვე ქალაქი ისე, რომ მასში ადგილი დარჩეს ბაღისთვის, მზისთვის, თავისუფალი ცისთვის და მშვენიერებისთვის.
ქალაქი მხოლოდ ის არ არის, რასაც ადამიანი აშენებს. ქალაქი ისიც არის, რასაც ადამიანი ტოვებს აუშენებელს.
თუ ოდესმე თბილისშიც დადგება დრო, როცა ხის დანახვა გაგვიკვირდება, ეს მხოლოდ ლანდშაფტის ცვლილება აღარ იქნება. ეს იქნება ქალაქის სახისა და მისი ბუნებრივი მეხსიერების იმგვარი დაკარგვა, რომელზეც თავის დროზე პლატონი მიუთითებდა ათენთან მიმართებაში: “რაც დარჩა, თითქოს ავადმყოფი სხეულის ძვლებია,“ - წერს ზენონ იარაჯული.