ავტორი:

ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ჰაშიმ ტაჩი დამნაშავედ ცნეს ათეულობით ადამიანის მკვლელობაში, წამებაში, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებაში და სხვა

ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ჰაშიმ ტაჩი დამნაშავედ ცნეს ათეულობით ადამიანის მკვლელობაში, წამებაში, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებაში და სხვა

კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, 58 წლის ჰაშიმ ტაჩის, ჰააგის ტრიბუნალმა 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან “კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ (KLA) მაღალჩინოსნად ყოფნის დროს, 1990-იანი წლების ბოლოს სერბეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს ჩაიდინა.

ევროპის მხარდაჭერით მოქმედმა კოსოვოს სპეციალიზებულმა პალატამ ტაჩი და კიდევ სამი ყოფილი მეთაური დამნაშავედ ცნო 96 მკვლელობაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობასა და პოლიტიკური ოპონენტებისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებაში.

ეს განაჩენი წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესის ფინალია. აღნიშნულ პროცესს კოსოვოში ბევრი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისი მიზანი 1998-1999 წლების ომში, სადაც დანაშაულს ორივე მხარე სჩადიოდა KLA-ს მეთაურთა პასუხისმგებლობის დაყენება იყო.

ტაჩი ჰააგაში მდუმარედ უსმენდა მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას. KLA-ს გენერალური შტაბის პოლიტიკური სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი და სამი სხვა ყოფილი ლიდერი, რომლებსაც სამშობლოში ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ მრავალგზის დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი. მკვლელობების გარდა, ტაჩი დამნაშავედ ცნეს 385 ადამიანის უკანონო დაკავებაში, 303 პირის წამებასა და 50-მდე ადამიანისადმი სასტიკ მოპყრობაში.

ოდესღაც რადიკალი ტაჩი უფრო ზომიერ პოლიტიკოსად მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც დასავლელმა დიპლომატებმა მასში პოსტსაომარი კოსოვოს მოწყობის ცენტრალური ფიგურა დაინახეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ტაჩი “აქტიურად მონაწილეობდა და ახალისებდა დანაშაულს“. მოსამართლე სმიტის განცხადებით, ჩადენილი დანაშაულის მასშტაბი და ხასიათი უკიდურესად მძიმეა. “ის ე.წ. “დაზვერვის მონაცემები“, რომელთა საფუძველზეც მსხვერპლთ ჯაშუშებსა და კოლაბორაციონისტებს უწოდებდნენ, აკავებდნენ, სასტიკად ეპყრობოდნენ და კლავდნენ, სინამდვილეში გადაუმოწმებელ ჭორებს ეფუძნებოდა.“

პროკურორები ტაჩისა და სხვა ბრალდებულებისთვის (კადრი ვესელი, რექსეპ სელიმი და იაკუპ კრასნიჩი) მაქსიმალურ 45-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ. კრასნიჩის 25 წელი მიესაჯა, ვესელის 18, ხოლო სელიმის 13. ტაჩის მოწმეების დაშინების ბრალდებით ასევე ცალკე სასამართლო პროცესი ელის.

კოსოვოს ომში დაღუპული 13 000 ადამიანიდან უმრავლესობა ეთნიკური ალბანელი იყო. საომარი მოქმედებები ნატოს 78-დღიანი საჰაერო კამპანიის შემდეგ დასრულდა, რასაც დაახლოებით 1 მილიონი ალბანელის საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილება მოჰყვა.

წყარო