მყვინთავებმა გადაიღეს და რუკაზე დაიტანეს 25-მდე საიდუმლოებებით მოცული, ადამიანის ხელით შექმნილი ნაგებობა. ეს ობიექტები იმ ბრიტანული დასახლების ადგილზეა აღმოჩენილი, რომელიც დაახლოებით 700 წლის წინ ზღვამ შთანთქა.

კაჟის ქვით ნაგები ნაშთები ნორფოლკის საგრაფოს ქალაქ კრომერის სანაპიროდან რამდენიმე ასეულ მეტრში იპოვეს. სავარაუდოდ, ის შიპდენის - შუა საუკუნეების დასახლებისა ნაწილია, რომელიც XIV საუკუნეში წყლის დონის ამაღლების გამო ჩრდილოეთის ზღვაში ეტაპობრივად გაუჩინარდა.

ბრიტანეთის წყალქვეშა აკვალანგისტთა კლუბის (BSAC) “ანგლიის“ ფილიალის მოხალისეებმა საზაფხულო მშვიდი ამინდითა და გამჭვირვალე წყლით ისარგებლეს და ისეთი დეტალები აღბეჭდეს, რომლებიც სხვა დროს ზღვაში ადამიანების თვალისგან დამალული რჩებოდა.
მკვლევრებმა 25-მდე ობიექტი დააფიქსირეს, მათ შორის: კაჟის კონსტრუქციების მწკრივი, ქვის კესონების ქვედა ნაწილები და დამუშავებული ქვის ფრაგმენტები. საუკუნეების მიუხედავად, ზოგიერთი კონსტრუქცია დღემდე 8-10 წყება ქვის სიმაღლეზე დგას.

ქალაქის გაუჩინარებამ მრავალ ლეგენდას დაუდო სათავე. ყველაზე ცნობილი გადმოცემით, “ჩარჯ როკის“ სახელით ცნობილ რიფზე აშენებული წმინდა პეტრეს ეკლესიის კოშკი წყალქვეშ გაუჩინარების შემდეგაც გადარჩა. ამბობდნენ, რომ უკან დახეული ზღვის დროს ნანგრევების დანახვაც კი შეიძლებოდა, ხოლო ქარიშხლისას მისი ზარების რეკვა ისმოდა.