ავტორი:

რას ჰყვება ქალი, რომელმაც 3 წუთიანი კლინიკური სიკვდილი განიცადა და ამტკიცებს რომ საიქიო იხილა?

რას ჰყვება ქალი, რომელმაც 3 წუთიანი კლინიკური სიკვდილი განიცადა და ამტკიცებს რომ საიქიო იხილა?

ამერიკელი ათეისტი ქალი, რომელიც დიდი მორწმუნეობით არასდროს გამოირჩეოდა, 1982 წელს ნიუ-იორკის ღამის კლუბში მომხდარი ფაქტის შესახებ საუბრობს. მაშინ ის 22 წლის იყო. ლუიზა პეკის თქმით, მანჰეტენის ერთ-ერთ ღამის კლუბში პაემანზე ყოფნისას მან უცნობი ნივთიერება მიიღო, რაც ადგილობრივი ანესთეტიკი - ლიდოკაინი აღმოჩნდა.

მალევე მას მხედველობა დაებინდა, სუნთქვა გაუჭირდა, რასაც ძლიერი გულყრა და გულის გაჩერება მოჰყვა. ბარმენმა მასზე სასწრაფოდ ჩაატარა გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR), თუმცა დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში ქალი კლინიკურ სიკვდილში იმყოფებოდა.

სანამ სხეული კლუბის იატაკზე უსულოდ ედო, ლუიზას ცნობიერება სრულიად სხვა რეალობაში გადავიდა. მისი თქმით, მან იგრძნო, როგორ აფრინდა მანჰეტენის თავზე, რის შემდეგაც ასობით მეტრის სიმაღლიდან ოკეანეში დაეშვა და ძველ სახლთან აღმოჩნდა.

სახლის კარებთან მისულმა ქალმა იგრძნო საკუთარი წინაპრების არსებობა, განსაკუთრებით კი პაპის, რომელიც მისი დაბადებამდე იყო გარდაცვლილი.

“ისინი სიხარულით მელოდნენ, თუმცა თვალით ვერ ვხედავდი, მხოლოდ მათ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი“, - იხსენებს ლუიზა. ამის შემდეგ იგი ფანჯრიდან სინათლისკენ გაფრინდა, სადაც უსაზღვრო სიყვარულის განცდამ მოიცვა.

სინათლის სამყაროში ყოფნისას ლუიზამ უეცრად მკერდის არეში შეხება იგრძნო და ხმა გაიგო: “შენ აქ დარჩენა არ შეგიძლია, შენი საქმე ჯერ არ დასრულებულა“.

ამ დროს ბარმენის მიერ ჩატარებულმა გულის მასაჟმა შედეგი გამოიღო და 3 წუთის შემდეგ გულმა კვლავ დაიწყო ცემა. ლუიზას თქმით, ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება მისთვის იმ მომენტში უდიდესი იმედგაცრუება აღმოჩნდა.

  • სულების ხილვა და დაწერილი წიგნი

დაბრუნების შემდეგ ლუიზას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მან დაიწყო გარდაცვლილი ადამიანების სულების დანახვა და მათგან შეტყობინებების მიღება, მათ შორის გარდაცვლილი დისგანაც.

გარდა ამისა, მას წინასწარმეტყველური განცდებიც გაუჩნდა. სწორედ ამ მოვლენებმა დაანგრია მისი სკეპტიციზმი და საბოლოოდ დაარწმუნა სულიერი სამყაროს არსებობაში. მოგვიანებით მან წიგნიც გამოსცა სახელწოდებით “დაუჯერებელი ათეისტი: კლინიკური სიკვდილის უარყოფიდან სრულ სულიერებამდე“.

კვლევების თანახმად, იმ ადამიანების 70%, ვინც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, შემდგომში ბევრად სულიერი ან რელიგიური ხდება. ნეირომეცნიერები ამ ფენომენს ტვინში ჟანგბადის ნაკლებობით, ელექტრული იმპულსების მოზღვავებითა და მეხსიერების გააქტიურებით ხსნიან. გარდა ამისა, არსებობს “კრიპტომნეზიის“ ცნება, როდესაც ტვინი მივიწყებულ მოგონებებს ახალ განცდებად გარდაქმნის - მაგალითად, წინაპრის ფოტოსურათის ოდესღაც ნახვამ შესაძლოა კლინიკური სიკვდილის დროს მისი ხილვის ილუზია შექმნას.

წყარო