“ოსკარის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი, 71 წლის კევინ კოსტნერი თავისზე 30 წელზე მეტით უმცროს “ლაიფ-ქოუჩთან“, 40 წლის ჯენიფერ მილბერნთან ერთად დააფიქსირეს. პაპარაცების მიერ გავრცელებულ ფოტოებში წყვილი ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას გამოხატავდა.

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, კოსტნერი და მილბერნი კალიფორნიაში, სანტა-ბარბარაში მდებარე Albertson's-ის სუპერმარკეტში შენიშნეს, სადაც ისინი მშრალ საუზმეს, გრეიპფრუტის წვენს, სტეიკებსა და ბოსტნეულს ყიდულობდნენ.
მილბერნს გასვლისას ჯინსის მოკლე შორტი, თეთრი გრძელსახელოებიანი პერანგი და სანდლები ეცვა, ხოლო კოსტნერი თეთრი პოლო მაისურითა და შესაბამისი შარვლით გამოჩნდა.
ჯენიფერ მილბერნი კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენიდანაა, სადაც კევინ კოსტნერი ცნობილ Dunbar Ranch-ის მამულს ფლობს. როდესაც ჟურნალისტები ქალბატონს ტელეფონით დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, იმყოფებოდა თუ არა იგი მსახიობთან რომანტიკულ ურთიერთობაში, მან ყურმილი გაუთიშა.

მილბერნი წარსულში ავიაკომპანია Delta-ს ბორტგამცილებლად და ადგილობრივ მოდელად მუშაობდა. გარდა ამისა, მას რამდენიმე წლის განმავლობაში ცნობილ დასავლურ რითეილერ Kemo Sabe-შიც აქვს ნამუშევარი.
LinkedIn-ის პროფილის თანახმად, ამჟამად იგი დისტანციურად მუშაობს პარტნიორობის დირექტორის პოზიციაზე საიმონ სინეკის კომპანიაში The Optimism Company.

კევინ კოსტნერი 2023 წელს, 18-წლიანი ქორწინების შემდეგ, 52 წლის კრისტინ ბაუმგარტნერს ხმაურიანი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის შედეგად დაშორდა. ბაუმგარტნერი 2025 წლის ოქტომბერში, ჯოშ კონორზე დაქორწინდა. ყოფილ წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს - 19 წლის კეიდენი, 17 წლის ჰეიზი და 16 წლის გრეისი.
გარდა ამისა, მსახიობს პირველი ქორწინებიდან სინდი სილვასთან (რომელსაც 1994 წელს, 16-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა) 3 ზრდასრული შვილი ჰყავს: 42 წლის ანი, 40 წლის ლილი და 38 წლის ჯო.