დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირის მიერ კანადისთვის "ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაძლოა, ევროპასთან ვაჭრობა შეწყვიტოს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კანადისთვის ევროკავშირის პირველი "ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.
"ვფიქრობ, ეს სასაცილოა. კანადა საშინელი სავაჭრო პარტნიორია“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ასევე, ტრამპის თქმით, ევროკავშირის მიერ კანადისთვის "ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭება, შესაძლოა, "მტრული აქტი“ იყოს.
"თუ ისინი ამას გააკეთებენ და თუ მე ჩავთვლი, რომ ეს მტრული აქტია, ევროპას ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავუწესებ ან მასთან ვაჭრობას შევწყვეტ. თუ ამას კეთილი განზრახვით გააკეთებენ, მაშინ ძალიან კარგი, მაგრამ, თუ ეს ბოროტი განზრახვაა, მაშინ ევროპას ძალიან მაღალ ტარიფებს დავუწესებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომ ევროკავშირი კანადასთან "ასოცირებული წევრობის“ საკითხზე იმუშავებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მიმართა, რომელიც ევროპარლამენტში მის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა. "მსურს თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა კანადას კარი გავუღოთ, რომ ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.