რუსეთში საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.
როგორც ირკვევა, დანაშაული 23 წლის წინ, ვორონეჟში მოხდა. როგორც რუსი სამართალდამცავები აცხადებენ დამნაშავის ვინაობა, რომელმაც 19 წლის ბიჭს კონფლიქტის დროს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, წლების შემდეგ დაადგინეს.
შემთხვევა 2003 წლის ნოემბერში, ვორონეჟში, ერთ-ერთი დაწესებულების მიმდებარედ მოხდა. გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქესა და 19 წლის ადგილობრივ მცხოვრებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირისპირების დროს მამაკაცმა ახალგაზრდას თავში დაუდგენელი საგნით ჩაარტყა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - მიღებული დაზიანებების შედეგად ის სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან წლები გავიდა, გამოძიება არ შეწყვეტილა. ვორონეჟის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა და კრიმინალისტებმა დამნაშავის ვინაობის დადგენა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზისა და შესაბამის ბაზებში თითის ანაბეჭდების დამატებითი შემოწმების შედეგად შეძლეს.
საქმეზე მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ მას ასევე დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
რუსული მედიისა და ვორონეჟის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
მამაკაცს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, და 50 ათასი რუბლის ჯარიმა მიესაჯა.
გამოძიებისთვის თავდამსხმელის ვინაობის დადგენაში დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და თითის ანაბეჭდების მონაცემთა ბაზებში დამატებითი შემოწმება აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. დადგინდა, რომ მამაკაცი მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. მოგვიანებით მან, სავარაუდოდ, გვარიც შეიცვალა.
მას ბრალი ჯერ კიდევ 2004 წლის იანვარში წაუყენეს, თუმცა მამაკაცმა რუსეთის ტერიტორია დატოვა და ამ დრომდე მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ის ფედერალურ და საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. 2026 წლის დასაწყისში საქმე ვორონეჟის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოს გადაეცა, სადაც პროცესი ბრალდებულის დაუსწრებლად გაიმართა.