თურქეთში 11 თვის ბუშრა ბალიქჩის გაუჩინარების საქმეზე სასამართლომ ექვს ადამიანს პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის ბავშვის დედას, მამას და ოთხ ნათესავს. კიდევ სამი ეჭვმიტანილი სასამართლომ სამართლებრივი კონტროლის პირობებით გაათავისუფლა. თავად ბავშვის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ბუშრა ბალიქჩი 10 სექტემბერს გაუჩინარდა. მისი ოჯახი გონდურენის სოფლის ინჯედერეს იალაზე, კარავში ცხოვრობდა და მესაქონლეობით იყო დაკავებული. ბავშვის დედამ, 27 წლის ელიფ ბალიქჩიმ, საგანგებო სამსახურში დარეკა და განაცხადა, რომ 11 თვის ქალიშვილი კარავში აღარ დახვდა.
მალევე ადგილზე სამაშველო ჯგუფები და ჟანდარმერია მივიდა. ბავშვის ძებნაში გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი და კვალის ამღები ძაღლები.
9 ეჭვმიტანილი სასამართლოში წარადგინეს
გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა. საბოლოოდ, ჟანდარმერიაში პროცედურების დასრულების შემდეგ სასამართლოში 9 ადამიანი გადაიყვანეს - მათ შორის ბავშვის დედა ელიფ ბალიქჩი, მამა იუსუფ ბალიქჩი და მათი ნათესავები.

სასამართლომ ექვს მათგანს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთა შორის არიან ბუშრას დედა და მამა, ბიძა., დეიდა და კიდევ ორი ნათესავი. ასევე სამი პირი სამართლებრივი კონტროლის პირობებით გათავისუფლდა.
დედამ განაცხადა, რომ ბავშვი მამამ მოკლა
საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ბავშვის დედის ჩვენება. ელიფ ბალიქჩიმ გამოძიებას უთხრა, რომ მისი ქალიშვილი მამამ მოკლა და ცხედარი ტერიტორიაზე დატოვა.
ამის შემდეგ ქალი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და იმ ადგილის ჩვენება სთხოვეს, სადაც, მისი თქმით, ბავშვის ცხედარი იყო დატოვებული. თუმცა მითითებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ძებნისას ბავშვის ცხედარი ან სხვა დამადასტურებელი კვალი ვერ აღმოაჩინეს.

ბოლო დაკითხვისას დედამ კვლავ შეცვალა ჩვენება, ხოლო ბავშვის მამამ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უარყო.
ამ დროისთვის ბუშრას ძებნა გრძელდება. გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დივრიღიში გადაყვანაა დაგეგმილი. საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ინფორმაციის გავრცელებაც აკრძალულია.