ახალი კვლევის თანახმად, ქალებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკთან დაკავშირებული ცხოვრების წესის ფაქტორები ასაკის მიხედვით იცვლება.
კვლევაში ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა 110 000-ზე მეტი ქალის მონაცემები გააანალიზეს.
ექსპერტების განცხადებით, ძუძუს კიბოს განვითარების რისკზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და ცხოვრების წესი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია.
კვლევის დამფინანსებელი ორგანიზაციის, Breast Cancer Now-ის მთავარი სამეცნიერო ხელმძღვანელის, დოქტორ საიმონ ვინსენტის თქმით, ძუძუს კიბოს შემთხვევების სულ მცირე 23%-ის პრევენცია, შესაძლოა, ცხოვრების წესის ცვლილებებით იყოს შესაძლებელი. მათ შორის სპეციალისტი ასახელებს ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებასა და ალკოჰოლის ნაკლებად მოხმარებას.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 1960-დან 2003 წლამდე დაბადებულ ქალებს ცხოვრების განმავლობაში, წინა თაობებთან შედარებით, ზოგადად უფრო მაღალი სხეულის მასის ინდექსი ჰქონდათ. ამავე ჯგუფში მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარებამ პიკს უფრო ახალგაზრდა ასაკში მიაღწია, ვიდრე 1908-დან 1959 წლამდე დაბადებულ ქალებში.
რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?
ძუძუს კიბოს ნიშნები ყველა ადამიანში ერთნაირი არ არის, თუმცა საყურადღებო ცვლილებებს შორის შეიძლება იყოს მკერდში ან იღლიაში ახალი გამონაზარდი ან შეშუპება, კანის ცვლილება, ჩაღრმავება ან სიწითლე, ასევე ერთი ან ორივე მკერდის ზომისა და ფორმის ცვლილება.

დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 59 400 ახალი ძუძუს კიბოს შემთხვევა ფიქსირდება, რაც დღეში დაახლოებით 160 შემთხვევას უდრის. ამავე პერიოდში დაავადებას დაახლოებით 11 200 ადამიანი ეწირება.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ცხოვრების წესის შეცვლა ძუძუს კიბოსგან სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება დაავადების რისკის შემცირებას დაეხმარება.