ავტორი:

პრინცესა დიანას ძმის წიგნი ჯერ არ გამოსულა, თუმცა სკანდალი უკვე მოჰყვა -  გამოქვეყნებულ ამონარიდებს, რომელშიც მეფე ჩარლზზეა ლაპარაკი, ბუკინგემის სასახლე მწვავედ გამოეხმაურა

პრინცესა დიანას ძმის წიგნი ჯერ არ გამოსულა, თუმცა სკანდალი უკვე მოჰყვა -  გამოქვეყნებულ ამონარიდებს, რომელშიც მეფე ჩარლზზეა ლაპარაკი, ბუკინგემის სასახლე მწვავედ გამოეხმაურა

პრინცესა დიანას ძმის, გრაფ ჩარლზ სპენსერის წიგნი, სახელწოდებით "გედის სიმღერა: ჩემი და დიანა“ ("Swan Song: Diana, My Sister") დიდი ბრიტანეთში მომავალ კვირას გამოქვეყნდება. თუმცა ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა უკვე დაიწყო მისგან ამონარიდების ბეჭდვა, რამაც სკანდალი უკვე გამოიწვია.

ბუკინგემის სასახლემ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა გრაფ ჩარლზ სპენსერის წიგნიდან პრესაში გავრცელებულ ამონარიდებთან დაკავშირებით. დაზე თავის მოგონებებში სპენსერი ამტკიცებს, რომ დიანას გარდაცვალების შემდეგ ამჟამინდელმა მეფე ჩარლზმა (იმჟამად კი პრინცმა) ტელეფონით უთხრა, რომ პრინცესას მალე დაივიწყებდნენ.

როგორც BBC-ს სამეფო ოჯახის საკითხების კორესპონდენტი შონ კოჰლანი აღნიშნავს, ძალიან პოპულარული დიანას სიკვდილმა საკმაოდ ტოქსიკური ატმოსფერო შექმნა - იმჟამად ბრიტანული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ადანაშაულებდა სამეფო ოჯახს თანაგრძნობის გამოხატვისა და საზოგადოების განწყობის შესაბამისად მოქცევის უუნარობაში.

დაკრძალვის დროს დიანას ძმა ემოციური და მკვეთრი სიტყვით გამოვიდა, რამაც ეს რეაქცია კიდევ უფრო გააძლიერა.

მისი ამჟამინდელი წიგნი კი საშუალებას იძლევა გავიგოთ, თუ როგორ უყურებდა ის იმდროინდელ მოვლენებს.

  • რას ამბობს ჩარლზ სპენსერი და რას პასუხობს ბუკინგემის სასახლე?

მემუარების გამოქვეყნებულ ფრაგმენტში ჩარლზ სპენსერი ამტკიცებს, რომ უელსის მაშინდელმა პრინცმა "რისხვის ნაკადით“ უპასუხა მის ვარაუდს იმის შესახებ, რომ დიანა არ ისურვებდა მისი ვაჟების - უილიამისა და ჰარის (ისინი მაშინ შესაბამისად 15 და 12 წლისანი იყვნენ) მონაწილეობას დედის სასახლის უკან ფეხით სვლაში.

ჩარლზ სპენსერის წიგნში ნათქვამია:

"ამ სატელეფონო საუბარში მან [პრინცმა ჩარლზმა] ჩემზე გადმოაფრქვია ის, რასაც მე ყოველთვის მივიჩნევდი დიანასადმი მისი ფარული აგდებული დამოკიდებულებისა და იმის შიშის გამოვლინებად, რომ მთელი მსოფლიო ასე შეძრული იყო მისი სიკვდილით. "დარწმუნებული იყავით, - წამოსხი მან, - მას საკმაოდ სწრაფად დავივიწყებთ'“.

საპასუხოდ, ბუკინგემის სასახლემ მოულოდნელად მკაცრი განცხადება გაავრცელა. ჩვენი კორესპონდენტის თქმით, სამეფო ოჯახი აშკარად აღაშფოთა გრაფ სპენსერის განცხადებებმა და შეეცადა ისინი ეჭვქვეშ დაეყენებინა.

"ჩვენ პრინციპულად არ ვაკეთებთ კომენტარს წიგნების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუმცა მისი უდიდებულესობა ითვალისწინებს, რომ დის დანაკარგით გამოწვეულმა ტკივილმა შესაძლოა გონება დააბნელოს, გავლენა იქონიოს მოვლენების შეფასებაზე და დაამახინჯოს მოგონებები. სხვა ადამიანებმა ეს შესაძლოა ასეთი მწუხარებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი ვერ გააცნობიერონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც bbc-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, ეს სიტყვები გარკვეულწილად მოგვაგონებს ელისაბედ II-ის მოულოდნელად მტკიცე პასუხს რასიზმის ბრალდებებზე, რომლებიც პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგანმა 2021 წელს წამოაყენეს. დედოფალმა მაშინ განაცხადა, რომ "მოგონებები ამა თუ იმ მოვლენაზე შესაძლოა განსხვავდებოდეს“.

მეფე ჩარლზის ყოფილმა პრესმდივანმა, ჯულიან პეინმა BBC-ს განუცხადა, რომ ჩარლზის ქცევაში "ამ სიტყვებს სრულიად ვერ ცნობს“. იგი ბუკინგემის სასახლის ამჟამინდელ განცხადებას "ძალიან უჩვეულოს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ სამეფო ოჯახის წევრები "სავარაუდოდ იმდენად განიცდიდნენ ამას, რომ საჭიროდ ჩათვალეს საჯაროდ გამოსულიყვნენ უარყოფით“.

ამ წლის 1-ელ ივლისს დიანას 65 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1997 წელს პარიზში ავტოკატასტროფის შედეგად 36 წლის ასაკში დაიღუპა. წყარო