ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, ფრთხილად იყოს, რადგან..." - ვახტანგ ძაბირაძე

"ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, ფრთხილად იყოს, რადგან..." - ვახტანგ ძაბირაძე

ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, ფრთხილად იყოს, რადგან ეს თამაში ძალიან სახიფათო იქნება მისთვის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, ძაბირაძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ერთიანი ძალებით გაგრძელების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი "პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის შეთავაზებას.

"გნებავთ ღარიბაშვილი შეუერთეს და რაღაც გაერთიანება მოხდეს, ოპოზიციურ ფლანგზე ძლიერი გაერთიანება ვერ ჩამოყალიბდება. ეს თამაში ძალიან სახიფათო იქნებ თავად ღარიბაშვილისთვის. თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ არის მოსაწონი ივანიშვილისთვის, მაშინ იმუშავებს ახალი ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს და სადღაც 10-წლიან პატიმრობას გამოკრავს ხელს. გულწრფელად ვურჩევდი, უფრო ფრთხილად ყოფილიყო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილებს, ძაბირაძის თქმით, ღარიბაშვილმა არასწორი ანალიზი გააკეთა, როდესაც ჩათვალა, რომ "ბიძინა ივანიშვილთან ირაკლი კობახიძის პოზიციები შესუსტდა და ამის გამოყენება დაიწყო“.

"მგონი, ეს არასწორი გათვლა იყო ღარიბაშვილის მხრიდან. ფიქრობდა, რომ ამით ის შეძლებდა 5-წლიანი პატიმრობა უფრო მცირე ვადიანი პატიმრობით შეენაცვლებინა ან შეეწყალებინათ, მაგრამ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთდა, გააგრძელეს მის მიმართ სისხლის სამართლის ახალი დანაშაული. თუ ივანიშვილი არ იქნება ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, მას ისევ და ისევ მიუსჯიან, თან არანაკლებს, ვიდრე ლილუაშვილს ან ბურჭულაძემ მიიღო“, - განაცხადა ძაბირაძემ.

გარდა ამისა, მან სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზეც ისაუბრა, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ძაბირაძის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში კორუფციაა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდის ყოფილ მაღალჩინოსნებს აპატიმრებენ სწორედ კორუფციის მიმართულებით. შესაძლოა, ვიღაცას ეს პოლიტიკურადაც აწყობდეს, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში არის კორუფციაა. ეს უკვე დასამალი არავისთვის არის, თვით ხელისუფლებისთვისაც კი. მაღალჩინოსნები ამ ბადეში ხვდებიან. ძალიან დიდი ხანი იყო იმაზე საუბარი, რომ არსებობდა "ქოლ ცენტრები“, რომ მას ვიღაც მფარველობდა და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში თუ რომელიმე მაღალჩინოსანი რაიმეს არ მფარველობს, იქ კორუფცია გამორიცხულია. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკური პატიმარია. შეიძლება პოლიტიკური მოტივით ეს ვიღაცას უნდოდა, მაგრამ მისი პატიმრობის რეალური საფუძველი არის ის, რომ ის კორუფციაში მონაწილეობს. რამდენად არის და როგორ, ეს უკვე სხვა თემაა.

გრიგოლ ლილუაშვილისთვის ასეთი მაღალი სასჯელის დაკისრება შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ მან არ აღიარა დანაშაული. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ბურჭულაძის მაგალითის მიხედვით იმოქმედა. ბურჭულაძეს ჯერ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ საბოლოოდ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ფიქრობენ, იმავე პრინციპით იმოქმედონ ლილუაშვილის მიმართ, რომ მან საბოლოოდ აღიაროს დანაშაული“, - განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში კორუფცია მუდმივად იყო და იქნება სანამ, მართვის ასეთი სისტემა არსებობს და სანამ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ.

“ასეთი სისტემის პირობებში, ვინც არ უნდა იყოს პრემიერი, როგორიც არ უნდა იყოს, არ არის კორუფცია ისეთი მარტივი თემა, რომ ერთი მთავრობა წავიდა, მეორე მოვიდა და ის ყველაფერს აღმოფხვრის. ამას სისტემური რეფორმები სჭირდება, დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე სჭირდება დამოუკიდებელი სტრუქტურები და დამოუკიდებელი სასამართლო. მითხარით, რომელი გვაქვს? თუ დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი სტრუქტურები გვაქვს, კი ბატონო, მაგრამ არცერთი გვაქვს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

გარდა ამ საკითხისა, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები შეაფასა და განაცხადა, რომ როდესაც არის ავტორიტარული რეჟიმი, აქ სუს-ის უფროსის თანამდებობა გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.

"როგორც ჩანს, ვერ მოიძებნა ისეთი კადრი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა თანამდებობის პირს და რა თქმა უნდა, ივანიშვილს აწყობს. გარდა ამისა, მდინარაძის მოსვლა-წასვლას სხვა მნიშვნელობა აქვს. ოხანაშვილზე არაფერ ვიტყვი, ფაქტობრივად, მისვლა ვერ მოასწრო და გაათავისუფლეს. მდინარაძეს უკავშირდება ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება, მათი კორუფციაში დადანაშაულება თუ მხილება. მდინარაძის ამბავი მეტ-ნაკლებად გასაგებია იმიტომ, რომ მდინარაძე და კობახიძე ერთ გუნდად მოიაზრება, როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში. ფაქტობრივად, მდინარემ "შავი სამუშაო“ შეასრულა და ის პოლიტიკიდან საერთოდ გაუშვეს.

რაც შეეხება იმას, რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, არ ვიცი რა ხდება კულუარებში. გააჩნია, რას მოსთხოვენ მას და თვითონ რაზეა წამსვლელი. სუს-ის უფროსობა მარტო იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოებაზე იზრუნო, მთელი ინფორმაცია უნდა შეაგროვო უმრავლესობაზე, ოპოზიციაზე, საზოგადოების წარმომადგენლებზე. ამასთანავე, რამდენად იქნება კმაყოფილი "სულ უფროსი“, ანუ, ივანიშვილი მის მუშაობით. რომ ვთქვათ, მის მონდომებაზე და პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, არ არის. რამდენ ხანსაც ერთგულად მიიჩნევს მას ივანიშვილი, იმდენ ხანს იქნება ამ პოსტზე. ივანიშვილი დიდი სიფრთხილით არ გამოირჩევა, მისი კადრი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, არაფერს ვამბობ ირაკლი ღარიბაშვილზე. ამ სისტემაში სუს-ის უფროსობა სახიფათო ადგილია“, - განაცხადა ძაბირაძემ.