კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვით დაშინება საჭირო არ არის, თუ გარიცხვა სურთ, გაგვრიცხონ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
"ჩვენი მოსაზრება ასეთია: თუ ჩვენი გარიცხვა სურთ, მაშინ გაგვრიცხონ. თუ არ სურთ, მაშინ ნუ გაგვრიცხავენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ასევე, მისი თქმით, სომხეთს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა არ სჭირდება.
"ჩვენ სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზის საკითხი განსახილველად არასდროს გამოგვიტანია. ახლა ეს საკითხი რუსეთმა წამოჭრა და ჩვენს პოზიციასაც ამ განხილვის ირგვლივ ვაყალიბებთ. ვამბობ, რომ 102-ე სამხედრო ბაზამ და 2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ის სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. თუ ისინი გასვლას გადაწყვეტენ, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით. პირდაპირ ვამბობ: 102-ე სამხედრო ბაზის არსებობას სომხეთის უსაფრთხოებისთვის არაფერი მოაქვს. ეს ჩვენ 2022 წლის სექტემბრის მოვლენების დროს ვიხილეთ. ჩვენ სამხედრო ბაზა არ გვჭირდება. რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და თუ გასვლა სურთ, დაე, ხვალვე გავიდნენ. თუ დარჩენა სურთ, მაშინ მზად ვართ ჩვენთვის არასაჭირო ბაზის სომხეთში არსებობის პირობები განვიხილოთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.