ავტორი:

რატომ მოქმედებს ყავა ზოგიერთზე მომენტალურად, ზოგი კი მის ზემოქმედებას ვერც ამჩნევს? - მეცნიერთა განმარტება

რატომ მოქმედებს ყავა ზოგიერთზე მომენტალურად, ზოგი კი მის ზემოქმედებას ვერც ამჩნევს? - მეცნიერთა განმარტება

მსოფლიოში ყოველდღიურად 2 მილიარდ ჭიქაზე მეტ ყავას სვამენ, თუმცა კოფეინის ეფექტი ყველა ადამიანზე განსხვავებულია. სანამ ზოგიერთი ადამიანი ძილის წინ დალეული ესპრესოს შემდეგაც მშვიდად იძინებს, სხვები მთელი ღამე თვალდაუხუჭავად ათენებენ. მეცნიერები განმარტავენ, თუ რა გენეტიკური და ფიზიოლოგიური ფაქტორები განაპირობებს ამ განსხვავებას.

  • ინდივიდუალური მგრძნობელობა

ლონდონის ცენტრში მცხოვრები 20 წლის ემილი ყოველდღიურად ორ ჭიქა ყავას, ენერგეტიკულ სასმელსა და კოკა-კოლას მოიხმარს, თუმცა ეს მის ორგანიზმსა და ძილზე გავლენას არ ახდენს. ბევრ ადამიანს ჰყავს ემილისნაირი მეგობარი, რომელსაც საღამოს ორმაგი ესპრესოს ან ენერგეტიკული სასმელის დალევის შემდეგაც კი ადვილად ჩაეძინება.

კოფეინი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა. ყავის გარდა, მას შეიცავს კოლა, ენერგეტიკული სასმელები, შოკოლადი, საღეჭი რეზინი და სპორტული დანამატები. 250-მილილიტრიანი ენერგეტიკული სასმელი საშუალოდ 80 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, რაც ოდნავ ნაკლებია ფილტრ-ყავის ჭიქასთან შედარებით.

  • CYP1A2 გენი და გენეტიკური ფაქტორები

იმას, თუ რამდენად სწრაფად ამუშავებს ღვიძლი კოფეინს, ერთი კონკრეტული გენი - CYP1A2 განსაზღვრავს. კვლევების თანახმად, კოფეინის მეტაბოლიზმის სიჩქარეზე შესაძლოა წარმომავლობაც მოქმედებდეს. გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროპელებსა და სამხრეთამერიკელებს კოფეინის დაშლის შედარებით სწრაფი უნარი აღენიშნებათ.

საპირისპირო ეფექტი აქვს ზოგიერთ ანტიბიოტიკს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და რეცეპტულ მედიკამენტებს, რომლებიც კოფეინს ორგანიზმში ხანგრძლივად აკავებს. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ორსულობის დროსაც, როდესაც ჰორმონალური ცვლილებები იმ ფერმენტის აქტივობას თრგუნავს, რომელიც კოფეინს შლის.

გარდა ამისა, არსებობს ტოლერანტობის ფაქტორიც: ყავის რეგულარული მომხმარებლების ორგანიზმი კოფეინს ეჩვევა. რამდენიმე კვირით ყავაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ადაპტაცია უკუიქცევა და პირველივე ჭიქამ შესაძლოა სიფხიზლისა და აღგზნებადობის უჩვეულო განცდა გამოიწვიოს.

  • ექსპერტების რჩევები და ჯანმრთელობის სარგებელი

მკვლევრები გვირჩევენ, რომ დაძინებამდე სულ მცირე 6 საათით კოფეინის მიღებას მოვერიდოთ. ძილის ექსპერტის, დოქტორ ლინდსი ბრაუნინგის თქმით, კოფეინი არა მხოლოდ ჩაძინებას უშლის ხელს, არამედ ძილის ხარისხსაც აუარესებს. იგი ადამიანებს ურჩევს, შეწყვიტონ კოფეინის მიღება დღის 14:00 საათის შემდეგ, თუ დაძინებას 22:00 საათისთვის გეგმავენ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) ორსულ ქალებს ურჩევს, დღიურად კოფეინის მოხმარება 200 მილიგრამამდე შეზღუდონ, რადგან მან შესაძლოა ნაყოფის დაბალი წონა ან სხვა გართულებები გამოიწვიოს.

წყარო