ავტორი:

“ტირანოზავრ რექსის სხეულის სავარაუდო ტემპერატურა დაახლოებით 36 °C იყო, რაც ძალიან ახლოს დგას ადამიანის მაჩვენებელთან“ - რას ცვლის ახალი აღმოჩენა?

“ტირანოზავრ რექსის სხეულის სავარაუდო ტემპერატურა დაახლოებით 36 °C იყო, რაც ძალიან ახლოს დგას ადამიანის მაჩვენებელთან“ - რას ცვლის ახალი აღმოჩენა?

მეცნიერები თითქმის, ისინი 60 წელია ეჭვობდნენ, რომ “Tyrannosaurus rex“-ი სინამდვილეში თბილსისხლიანი გახლდათ. 2022 წელს ალასკაზე აღმოჩენილმა ნაკვალევმა კიდევ უფრო განამტკიცა ვარაუდი, რომ ეს მტაცებლები ყინულოვან გარემოშიც ახერხებდნენ გადარჩენას, სადაც ცივსისხლიანი ქვეწარმავლების უმეტესობა უბრალოდ ვერ იცოცხლებდა. ახლა კი მკვლევრებმა ზუსტად განსაზღვრეს ტირანოზავრების სხეულის სავარაუდო ტემპერატურა: ის დაახლოებით 36 °C იყო, რაც ძალიან ახლოს დგას ადამიანის მაჩვენებელთან.

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა პირველია, რომელიც T. rex-ის სხეულის ტემპერატურის პირდაპირ შეფასებას გვთავაზობს. მეცნიერებმა ახალი შედეგები თეროპოდის შემონახული ნამარხი კბილის ქიმიური ნიშნულების ანალიზით მიიღეს. აღმოჩენა გადამწყვეტი არგუმენტია იმ მრავალწლიან კვლევებში, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ გიგანტური მტაცებელი თბილსისხლიანი იყო და ცივ კლიმატშიც მაღალი მეტაბოლიზმის შენარჩუნება შეეძლო.

“სხეულის ტემპერატურის ცოდნა უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ეს დინოზავრი 69-66 მილიონი წლის წინ. ეს იყო თბილი სხეულის მქონე ორგანიზმი, რაც სრულიად ახლებურად გვანახებს მის ქცევას, ფიზიოლოგიას, სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებასა და საკვების საჭიროებას“, - აცხადებს კვლევის თანაავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) გეობიოლოგი და ასოცირებული პროფესორი რობერტ იგლი

იგლმა და მისმა გუნდმა ლოს-ანჯელესის ოლქის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში დაცული ტირანოზავრ “თომასის“ (დაახლოებით 70%-ით სრული ჩონჩხი) კბილების ორი მცირე ფრაგმენტი გამოიყენეს და სხეულის ტემპერატურა კბილის მინანქარში შემონახული ქიმიური ბმებით შეაფასეს.

მკვლევრებმა ათ წელზე მეტი დახარჯეს ამ მეთოდის სრულყოფაზე. წლების განმავლობაში მათ 90%-ით შეამცირეს ანალიზისთვის საჭირო ნამარხი მასალის რაოდენობა, რამაც მუზეუმს საშუალება მისცა, კვლევისთვის იმ კბილების რამდენიმე მილიგრამი გამოეყო, რომლებიც ექსპოზიციაზე არ იყო გამოფენილი.

დღემდე კვლევის ახალი ტექნიკა მხოლოდ რამდენიმე გადაშენებულ სახეობაზე იქნა გამოყენებული (მათ შორის სხვა სახეობის დინოზავრებზე, მამონტებსა და მეგალოდონებზე), რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, უკეთ გაეგოთ, თუ როგორ არეგულირებდნენ ეს ცხოველები სხეულის ტემპერატურას.

თბილსისხლიან სახეობებში სხეულის ტემპერატურის სხვადასხვა ზღვარი არსებობს, ზოგიერთი ძუძუმწოვრის (მაგ. ზარმაცასა და ჭიანჭველაჭამიას) ტემპერატურა 32 °C-ის ფარგლებშია, ხოლო მაღალი მეტაბოლიზმის მქონე მცირე ფრინველების ტემპერატურამ შესაძლოა 40 °C-ს გადააჭარბოს. თანამედროვე ცივსისხლიან ქვეწარმავლებს კი, როგორც წესი, 28–30 °C ტემპერატურა აქვთ. ეს მაჩვენებლები პირდაპირ კავშირშია ენერგიის დონესთან, ქვეწარმავლები ხშირად პასიურები არიან, ფრინველები კი ფრენისას დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავენ.

36 °C ქვეწარმავლისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა, თუმცა იგლის თქმით, ეს სიურპრიზი არ ყოფილა. დინოზავრები, თუმცა ქვეწარმავლებად კლასიფიცირდებიან, ევოლუციურად ფრინველებთან არიან დაკავშირებულნი.

ახალი მონაცემი აჩვენებს, რომ T. rex მათ შორის შუალედურ პოზიციას იკავებს, ის ქვეწარმავლებზე ცხელია, თუმცა თანამედროვე ფრინველებზე ცივი. თბილსხეულიანი T. rex ამყარებს მოსაზრებას, რომ ტირანოზავრები სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე აქტიური მტაცებლები იყვნენ და მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების უნარი მათ საშუალებას მისცემდა, ცივ კლიმატშიც გადაერჩინა თავი. ეს კი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ახალი ჰიპოთეზები წამოაყენონ იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდებოდა და ცხოვრობდა ეს პრეისტორიული მტაცებელი.

წყარო