NASA-ს მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, ჩვენი პლანეტა წყლის, ყინულისა და ჰაერის მასების ზეწოლით განუწყვეტლივ ირყევა და იზნიქება. ამ პროცესებზე გავლენას ახდენს ზამთრის ყინვები, გაზაფხულის ლღობა, ოკეანეების მოძრაობა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობა.
შედეგად, დედამიწის “გულის“ ცენტრი მის გეომეტრიულ ცენტრთან შედარებით რამდენიმე მილიმეტრით ინაცვლებს, რამაც, შესაძლოა, თანამგზავრული მონაცემებისა და ნავიგაციის სისტემების ცდომილება გამოიწვიოს.

“თუმცა ეს გადაადგილება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, თანამედროვე სამყარო კოორდინატების უმაღლეს სიზუსტეზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მკვლევარი ფელიქს ლანდერერი.
გრავიტაციის გავლენით, თანამგზავრები დედამიწის მასათა ცენტრის ირგვლივ ბუნებრივად მოძრაობენ, ისე თითქოს მას უხილავი ძაფებით უკავშირდებოდნენ. შესაბამისად, მანძილის მცირე ცვლილებაც კი თანამგზავრებსა და მიწისზედა სადგურებს შორის, დედამიწის მასათა ცენტრის გადანაცვლებაზე მიუთითებს.

გამოცემა Geophysical Journal International-ში გამოქვეყნებული კვლევის წამყვანმა ავტორმა, დონალდ არგუსმა და მისმა გუნდმა, თანამგზავრული მეთვალყურეობის უზუსტეს მონაცემებზე დაყრდნობით, დედამიწის ცენტრის რხევის მასშტაბის დასადგენად ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მათ GPS-მეთვალყურეობა და დაბალ ორბიტაზე მოძრავი რამდენიმე სხვა თანამგზავრის მონაცემები გამოიყენეს. გარდა ამისა, კვლევამ გაითვალისწინა, თუ როგორ დეფორმირდება დედამიწის ქერქი წყლისა და ყინულის სიმძიმით და როგორ მოქმედებს ეს მიწისზედა სადგურებზეც.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ცენტრის სეზონური რხევები, სავარაუდოდ, ოკეანეების, ატმოსფეროსა და კონტინენტური წყლების ცვლილებითა არის გამოწვეული.
მაგალითად: ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაში თოვლის მაქსიმალური დაგროვება დედამიწის მასათა ცენტრს ჩრდილოეთ პოლუსისკენ დაახლოებით 3 მილიმეტრით წევს.
აპრილში კი, როდესაც ამაზონის აუზში წვიმის წყლის მოცულობა პიკს აღწევს, მასათა ცენტრს 2.2 მილიმეტრით უკვე სამხრეთ ამერიკისკენ გადაიხრება.
მასათა ცენტრის პარალელურად, მეცნიერები ადასტურებენ, რომ თავის მდებარეობას გეოგრაფიული ჩრდილოეთ პოლუსიც იცვლის, რომელიც 2100 წლისთვის შესაძლოა თითქმის 27 მეტრით გადაადგილდეს. ამის მიზეზი პლანეტის ყინულოვანი საფარისა და მყინვარების დნობაა, რაც დედამიწის მასის სწრაფ გადანაწილებასა და შესაბამისად პოლუსის გადანაცვლებას განაპირობებს.