ავტორი:

შოკისმომგვრელი კადრები - განაჩენის მოსმენის შემდეგ, მსჯავრდებულმა ხელბორკილები გაწყვიტა, რამდენიმე პოლიციელს სცემა და სასამართლოს შენობიდან გაქცევა სცადა

შოკისმომგვრელი კადრები - განაჩენის მოსმენის შემდეგ, მსჯავრდებულმა ხელბორკილები გაწყვიტა, რამდენიმე პოლიციელს სცემა და სასამართლოს შენობიდან გაქცევა სცადა

ოჰაიოს შტატის სასამართლოში 20 წლის ტიმოთი რიგლმა განაჩენის მოსმენისთანავე, რომელიც 1-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა, ხელბორკილები გაწყვიტა, მანდატურს ყელში ჩაარტყა, გზად შემხვედრ პოლიციელებს თავს დაესხა და შენობიდან გაქცევა სცადა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები კოლუმბიანას ოლქის შერიფის ოფისმა გავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ რიგლმა უეცრად ხელბორკილები მოიხსნა, მცველს ყელში ჩაარტყა და გაიქცა.

დერეფანში ის მხრით დაეჯახა კიდევ ერთ პოლიციელს, იატაკზე დააგდო და კიბისკენ გაიქცა. კიბის ძირში იგი სხვა პოლიციელსაც დაესხა თავს, მას დაუსხლტა და შენობის მთავარი გამოსასვლელისკენ გაიქცა.

მსჯავრდებული სწორედ იმ მომენტში შეაჩერეს ელექტროშოკით, როდესაც იგი შენობიდან გასვლას ცდილობდა. სამმა პოლიციელმა მასზე იერიში მიიტანა, მათგან ერთ-ერთმა იგი მოგუდვის ილეთით შეაკავა და დააკავა.

ინციდენტის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა, მათ ძვლების მოტეხილობა აღენიშნებათ, თუმცა ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი იატაკზე იწვა და თავიდან სისხლი სდიოდა.

რაც შეეხება ტიმოთი რიგლს, ის სასამართლოში 2025 წლის თებერვალში მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფებოდა, როდესაც საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, სადაც სამი მცხოვრები იმყოფებოდა, თავს დაესხა მათ და ფიზიკური დაზიანების მიყენებით დაემუქრა. მას ასევე ბრალი ედებოდა პოლიციისგან გაქცევაში.

13 ივლისს რიგლმა აღიარა ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობაზე, თავდასხმაზე, მუქარასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ორშაბათს მას 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რის შემდეგაც გაქცევა სცადა.

ახალი ინციდენტის გამო 20 წლის რიგლს პოლიციელზე თავდასხმისა და ციხიდან გაქცევის მცდელობის ბრალდებები დაემატება. იგი ამჟამად კოლუმბიანას ოლქის ციხეში იმყოფება, საიდანაც მოგვიანებით შტატის ციხეში გადაიყვანენ.

წყარო