სიტუაცია არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული პანევროპული სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით, როგორც ახლაა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
“სიტუაცია არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული პანევროპული სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით, როგორც ახლაა”, - აღნიშნა ფიცომ.
ამასთან, მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლზე ისაუბრა და ამ კონტექსტში განაცხადა, რომ არ სურს სლოვაკეთი რაიმე სახის ომში ჩაერთოს.
"დიახ, ჩვენ ნატო-ს წევრები ვართ, ვაფასებთ ამას და მზად ვართ თანამშრომლობისა და ვალდებულებების შესრულებისთვის. მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სლოვაკეთი არასდროს აღმოჩნდეს ჩათრეული შეიარაღებულ კონფლიქტში“, - განაცხადა ფიცომ.
მისი მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე ომი კონტროლს აღარ ექვემდებარება.
"ის, რაც დღეს ევროპაში ხდება - რასაც ვისმენთ და ვხედავთ - მიუთითებს, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი კონტროლს აღარ ექვემდებარება. უგულებელყოფილია სამხედრო ოპერაციების მარეგულირებელი ყველა წესი და თავდასხმის ობიექტი ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციების მომსწრე გავხდებით. თუმცა, ყველაზე მეტად რისი შიშიც მაქვს არის ის, თუ რამდენად გაძლიერდა ევროპაში სამხედრო რიტორიკა. როგორც ჩანს, ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტიდან სარგებელს სწორედ იარაღის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ - არა მოქალაქეები, არამედ იარაღის მწარმოებელი კომპანიები“, - განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 18 სექტემბერს უკრაინას ეწვევა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.