ავტორი:

"კრემლი ფარცხალაძესა და მის ჯგუფს საქართველოში ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად განიხილავს“ - რა უბედურებას შეიძლება ველოდოთ ჩვენი დროის "გიორგაძე 2"-სგან?

"კრემლი ფარცხალაძესა და მის ჯგუფს საქართველოში ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად განიხილავს“ - რა უბედურებას შეიძლება ველოდოთ ჩვენი დროის "გიორგაძე 2"-სგან?

"კრემლისთვის ხელშეუხებელი მოკავშირეები არ არსებობენ", - ამბობს პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი, რომელიც ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის გააქტიურებას "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვან სიგნალად მიიჩნევს. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ის საუბრობს, რა როლს შეიძლება ამზადებდეს მოსკოვი რუსეთში მყოფი ყოფილი გენპროკურორისთვის და რა ვითარებაში შეიძლება ფარცხალაძე "ქართული ოცნების" ალტერნატივად განიხილოს კრემლმა.

- რუსეთს საქართველოში დიდი ხანია მრავალმხრივი თამაში აქვს დაწყებული. ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენპროკურორი იყო, თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს. მისი დანიშვნა "გეორგიევსკის" სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელად კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ ის კრემლის ინტერესებით მოქმედებს და მზად არის შეასრულოს მისი დავალებები. რაც შეეხება უშუალოდ "გეორგიევსკს", ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას რეალური სამხედრო ფუნქცია ჰქონდეს, ან მის შემადგენლობაში ქართველთა ანგარიშგასაწევი რაოდენობა გაწევრდეს. წარმოუდგენელია, ქართველები ნებით შეუერთდნენ ასეთ ფორმირებას. შესაძლოა რუსეთთან იდეოლოგიურად თუ ფინანსური ინტერესებით დაკავშირებული მცირერიცხოვანი ჯგუფი აღმოჩნდეს, თუმცა დანაყოფის დანიშნულება მაინც საინფორმაციო-პროპაგანდისტული იქნება. რუსეთს სჭირდება ნარატივი, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს აჩვენებს, თითქოს მკვეთრად პროევროპული განწყობების მიუხედავად, არსებობენ ქართველები, რომლებიც მზად არიან უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოლონ. ეს ტაქტიკა რუსეთისთვის ახალი არ არის, ამის მაგალითია "ახმატის" ბატალიონი. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მთელი ჩეჩნეთი დაირაზმა უკრაინაში საბრძოლველად, თუმცა რეალურად "ახმატი" ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებში იშვიათად მონაწილეობს და მის შემადგენლობაშიც ჩეჩნები უმრავლესობას არ წარმოადგენენ. კადიროვს საკუთარი სამხედრო რესურსი უკრაინის "ხორცსაკეპ მანქანაში" გასანადგურებლად არ ემეტება. "ახმატის" მსგავსად, "გეორგიევსკიც", სავარაუდოდ, შეზღუდული, მაგრამ მკაფიოდ საინფორმაციო ფუნქციის იქნება. ამ პროპაგანდისტულ გზავნილს ორი სამიზნე აუდიტორია ჰყავს: საქართველოს საზოგადოება - მიზანია შოკის, დაბნეულობისა და მორალური დაუცველობის განცდის დათესვა, თითქოს არსებობს ქართველთა დიდი ჯგუფი, რომელიც მზად არის "დედა რუსეთისთვის" სიცოცხლე გაწიროს; და საერთაშორისო საზოგადოება - რუსეთს სურს შექმნას სურათი, თითქოს ქართველი საზოგადოება ერთგვაროვანი არ არის და ქვეყანაში პრორუსულ ძალებს მნიშვნელოვანი დასაყრდენი აქვთ...

რუსეთი საქართველოსთან ჰიბრიდული და პროპაგანდისტული ომის აქტიურ ფაზაშია, თუმცა აშკარაა, რომ ანტიევროპულმა ნარატივმა მაქსიმუმს მიაღწია და სარგებელი აღარ მოაქვს. გარდა ამისა, რუსეთი შეეცდება "გეორგიევსკის" თემის გამოყენებას საინფორმაციო ეფექტისთვის. შესაძლოა ამ დანაყოფის კადრები ოკუპირებულ აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონშიც ვიხილოთ. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი "ქართული ოცნებით" უკმაყოფილო იყოს და ალტერნატივებზე ფიქრობდეს.

ამ პროცესის ლაკმუსის ქაღალდი ოთარ ფარცხალაძის აქტიურობა იქნება. რაც უფრო ხშირად გამოჩნდება ის რუსულ მედიაში "გეორგიევსკის" დანაყოფთან ერთად არა უკრაინის ფრონტზე, არამედ საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კომენტარებით, მით უფრო ნათელი გახდება, რომ კრემლი მას და მის ჯგუფს ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად განიხილავს. ამიტომ ფარცხალაძის ჯგუფის გავლენების ზრდას რუსეთში, პირველ რიგში, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიაქციოს ყურადღება. ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული წარმოდგენა, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოკავშირე, რა არის ქვეყნისთვის სიკეთე და რა საფრთხე. "ქართული ოცნება" კი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ პოზიციაშია და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დიდ რისკებს ეთამაშება. ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ კრემლი "სანდო მოკავშირეებსაც" კი უპრობლემოდ გაწირავს, როდესაც დასჭირდება. შორეულ წარსულში რომ არ გადავიდეთ, საკმარისია ყარაბაღის მაგალითის გახსენება: ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთმა სომხეთი არ დაიცვა და პასუხისმგებლობა ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას დააკისრა. რუსეთთან ლავირება შესაძლოა გარკვეულ ეტაპამდე მუშაობდეს, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს: კრემლისთვის ხელშეუხებელი მოკავშირეები არ არსებობენ და საჭიროების შემთხვევაში ის ნებისმიერ ხელისუფლებას მოუძებნის ალტერნატივას. გააგრძელეთ კითხვა