UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიასთან შესაძლო რევანშზე პოზიცია შეცვალა. ივნისში გამარჯვების შემდეგ ამერიკელი მებრძოლი მეორე ბრძოლას არ განიხილავდა, თუმცა ახლა კარი ამ შესაძლებლობისთვის ღია დატოვა.
გეიჯიმ თოფურია ივნისში UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ბრძოლა მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა, როდესაც თოფურიას კუთხემ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. ეს ესპანეთ-საქართველოს წარმომადგენლის კარიერაში პირველი მარცხი იყო.
თოფურიამ ახლახან, ბრძოლიდან რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა და ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზადაა. დაბრუნების შესახებ განცხადებაში მან გეიჯის ხელთათმანებთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა და მიანიშნა, რომ მომავალში მათი აღჭურვილობა უფრო დეტალურად უნდა შემოწმდეს.
ამ ბრალდებას გეიჯი სერიოზულად არ შეხვედრია და უარყო. ამასთანავე, UFC Freedom 250-ის ერთ-ერთმა რეგულატორმა, კალიფორნიის სპორტული კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ფოსტერმა განაცხადა, რომ გეიჯის ხელთათმანები წესების შესაბამისად იყო შემოწმებული და დარღვევა არ დაფიქსირებულა.
რევანშის შესაძლებლობაზე საუბრისას გეიჯიმ ამჯერად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.
"დრო გვიჩვენებს. მზად ვარ თუ არა? ახლახან ის სასტიკად დავამარცხე. რა თქმა უნდა, მინდა“, - განაცხადა გეიჯიმ.
ივნისში მისი პოზიცია გაცილებით მკაფიო იყო - მაშინ გეიჯი ამბობდა, რომ თოფურიას მეორე ბრძოლა არ ეკუთვნოდა და რევანშამდე მას სხვა მეტოქესთან გამარჯვება სჭირდებოდა.
თოფურიას დაბრუნების შემდეგ UFC-ში უკვე განიხილება მისი მომავალი მეტოქის საკითხიც. რევანშთან ერთად ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად პედი პიმბლეტთან დაპირისპირებაც სახელდება. ამ ეტაპზე გეიჯისა და თოფურიას მეორე ბრძოლის ოფიციალური თარიღი ან შეთანხმება არ გამოცხადებულა.