სოციალურ ქსელში მასიურად გავრცელდა ინფორმაცია თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციაზე. როგორც მშობლები ამბობენ, მათ შვილებს პირღებინება და მუცლის ტკივილი აღენიშნებათ და რამდენიმე ბავშვს კლინიკაშიც დასჭირდა გადაყვანა.
მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ბავშვები ბაღში მოიწამლნენ. მათივე ინფორმაციით, მოწამლულია რამდენიმე ათეული ბავშვი. დაიკეტა ბაღები, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორისაა, თბილისის 49-ე, 46-ე, 109-ე, 124 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაგა ბაღები.
“მწვავე ინტოქსიკაციით მთელი ღამე სასწრაფოებს გადაჰყავდათ ბავშვები კლინიკებში. ჩემს შვილს ჰქონდა მთელი ღამე ღებინება, მე არ გადამიყვანია, მაგრამ ჩემი ბავშვის ჯგუფელები მოხვდნენ კლინიკაში. სავარაუდოდ არის კვებითი ინტოქსიკაცია, მეტს მე ვერაფერს გეტყვით. დავაკვირდები ახლა ბავშვს და თუ დამჭირდა ქვეყანას შევძრავ. არ გავჩუმდები”, - ამბობს ერთ-ერთი ბავშვის დედა.
“ჯერჯერობით არავინ არ ვიცით სრული დიაგნოზი და სრული ინფორმაცია, ვინ რით მოიწამლა. ეს არ არის მხოლოდ 49-ე ბაღში, ეს ბევრ ბაღში დაფიქსირდა და ამიტომ სრულად პასუხს ვერ გაგცემთ. ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ,” - განაცხადა მან, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა.
მომხდარზე ambebi.ge-თან ისაუბრა 109-ე ბაგა ბაღის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარინა კობაჩიშვილმა და ფაქტი დაგვიდასტურა:
“ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, მოწამლულები არიან საკვებით, თუ ვირუსია... მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობით ამ ეტაპზე უცნობია, ეს ვირუსია თუ მოწამვლა. ჩვენი ბაღიდან კლინიკაში არის 3 ბავშვი გადაყვანილი, დაახლოებით 10-მდე ბავშვია ამ სიმპტომებით. ველოდებით კვლევას. კვება ჩვენთან აბსოლუტურად 100%-ით კონტროლირებადია”, - აღნიშნავს მარინა კობაჩიშვილი.

“ჩემი 3 წლის ბავშვი დადის 49-ე საბავშვო ბაღში. 12 საათზე დაეწყო სიმპტომები, 1 საათში გაუმეორდა ღებინება და რადგან ვიცოდი ჩვენი ჯგუფის ბავშვებს ხშირი ღებინება ჰქონდათ, 4-ჯერ 6-ჯერ, აღარ დაველოდე გართულებას და ემერჯენსიში მივიყვანე. კერძო დაზღვევა მაქვს და ვამჯობინე სასწრაფოს გარეშე გადამეყვანა “მედიქლაბში“. გაუკეთეს გადასხმა და დასტაბილურების შემდეგ დაახლოებით 5 საათზე გამოგვწერეს.
დილის 7 საათზე 38.5 ტემპერატურა ჰქონდა. ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, უამრავი ბავშვია ამ სიმპტომებით. ჩემს შვილთან ერთად ვაკის საჯარო ბაღიდანაც შემოიყვანეს ბავშვი იმავე სიმპტომებით. პედიატრმა ვერ დამიდასტურა, რომ ეს იყო ვირუსი, ეჭვობდა რომ მოწამვლის ნიშნები უფრო იყო, ვიდრე ვირუსული. ექთნებმაც მითხრეს, რომ დღეს ძალიან დიდი მიმართვა აქვთ ამ სიმპტომებით. ასევე ჩვენი ჯგუფის მასწავლებელსაც აქვს იგივე სიმპტომები. ჩვენს ბაღში 10-ზე ბევრად მეტი ბავშვია, როგორც ვიცი”,- ამბობს მშობელი, მარიამ გელაშვილი და ელოდება მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ რით მოიწამლა მისი შვილი.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას, მიზეზი რამდენიმე საჯარო ბაღში დაფიქსირებული ინტოქსიკაციის ნიშნებია. მათივე ცნობით, სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან.
“თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მართალია სააგენტო მხოლოდ 7 ბარზე საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბი უფრო დიდია. ჩვენ დავუკავშირდი სურსათის უვნებლობის სამსახურს, თუმცა პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას უწყება გაავრცელებს.
ასევე დაუკავშირდით იაშვილის კლინიკას. პრესსამსახურში დაგვპირდნენ, რომ ექიმი ისაუბრებს ამ ფაქტზე, რასაც აუცილებლად მოგაწვდით.
იხილეთ ასევე: