თბილისის 182-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, ნათია ბედენაშვილი, რომლის შვილიც, არსებული ინფორმაციით, ბაღში მოიწამლა, “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვების ინტოქსიკაცია რძემ გამოიწვია.
როგორც მშობელი განმარტავს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა და უთხრეს, რომ საკითხის მოკვლევა დაწყებული აქვთ.
“საღამოს ბავშვი რომ მოვიდა ბაღიდან, დაიძინა და რომ გაიღვიძა, ღებინება დაეწყო, 3-ჯერ აერია გული, მუცელი ასტკივდა და მაღალი სიცხე ჰქონდა. სოციალურ ქსელში რომ შევედი, ვნახე აქტიურად იწერებოდა ინტოქსიკაციაზე. ჩემი შვილი ჯერ საავადმყოფოში არ გადამიყვანია, ამ ეტაპზე სახლშია. მასწავლებელსაც ვესაუბრე და მითხრა, რომ ბაღში არავინ მივიდა, ყველა ბავშვი ცუდად არისო. სავარაუდოდ, ბაქტერიებით დაბინძურებული რძით მოიწამლნენ, მსგავსი ინტოქსიკაციის ნიშნები, ბაქტერიას ახასიათებს. ჩემმა შვილმა კარაქიანი პური ვჭამე და შემდეგ რძე დავლიეო, სხვა არაფერი უჭამია. სხვა მოწამლული ბავშვების მშობლებიც ამბობენ, რომ მათმა შვილებმა რძე მიიღეს. დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რძის ნაწარმმა გამოიწვია.
მასწავლებელმა მითხრა, ისეთი ცუდი პროდუქტი შემოდის ბაღში, მშობლებს ვეუბნები, რომ არ აჭამონ ბაღში, სახლში გამოკვებონ ბავშვები ბაღში მოსვლამდეო. სურსათის ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდი და მოვითხოვე პასუხი, თუ ამოწმებენ საჭმელს, მაშინ, რატომ შეიპარა გაფუჭებული საჭმელი, მითხრეს, დავიწყეთ მოკვლევაო“,- აღნიშნავს ნათია ბედენაშვილი.
124-ე ბაღის მშობელთა ნაწილი კი, “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მათი ბავშვების ინტოქსიკაცია კატლეტმა გამოიწვია.
ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ.
მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.