“ოპოზიციურ ალიანსს კარგი ბედი არ ელის. ტერმინი “ალიანსი“ დამარხეს თავად ალიანსის წევრებმა, სხვანაირად ვერც იქნებოდა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“[ალიანსს] კარგი ბედი არ ელის. თავადაც განაცხადეს, რომ ეს ალიანსი არ არსებობს იმ სახით, რომლითაც შეიქმნა. ეს ალიანსი არ არსებობს, მორჩა. ტერმინი “ალიანსი“ დამარხეს თავად ალიანსის წევრებმა, სხვანაირად ვერც იქნებოდა. პოლიტიკური შინაარსის ნებისმიერი ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი არის მოემსახუროს უცხო ქვეყნის, უცხო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს და არა საკუთარი ქვეყნის და ხალხის, განწირულია სამარცხვინო მარცხისთვის, როგორც ეს ჩვენი ისტორიის განმავლობაში იყო. ისტორიის სახელმძღვანელოზე საუბრობენ და წაიკითხონ, თვალი გადაავლონ ისტორიას და ნახონ, სად ასრულებენ ისინი, ვინც საკუთარი ერის ინტერესებს ღალატობენ. როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს “10 ათას რუს ჯარისკაცს მაინც ხომ გავაჩერებდით აქ“. ჩვენი სისხლის ფასად, ვიღაც ბრიუსელში მშვიდად იქნებოდა, რომ აქ ფრონტი გვაქვს და ჯარისკაცებს ვაკავებთ იმ ომში, რომელიც ჩვენი ომი არანაირად არ არის. ხალხი, რომელიც ნატრულობს, რომ ბრიუსელის მენიუში იყოს, როგორ შეიძლება რაიმე ალიანსი შექმნას და ქართველი ხალხისგან რაიმე მხარდაჭერა მიიღოს. საბოლოოდ, მათ ანგრევთ ის, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ბოლოს ჰბეზრდებათ, მართლა ერთმანეთის საყურებლად ხომ არ არიან ალიანსში. რომ ხვდებიან ბოლოს ერთმანეთს უყურებენ და ელაპარაკებიან, შემდეგ ალიანსი იშლება “,-განაცხადა პაპუაშვილმა.