ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელმა სექტემბერში სწრაფი ზრდა დაიწყო და ამ პერიოდის საშუალო მაჩვენებლებს უკვე გადააჭარბა.
როგორც Daily Mail წერს, აგვისტოში ოზონის ხვრელი ჩვეულებრივი ტემპით ყალიბდებოდა და დაახლოებით 15 მილიონ კვადრატულ კილომეტრ ფართობს მიაღწია. თუმცა, სექტემბრის პირველ ნახევარში მისი ზომები მკვეთრად გაიზარდა. 12 სექტემბერს ფართობმა დაახლოებით 25 მილიონი კვ. კმ შეადგინა, რაც წელიწადის ამ დროისთვის არსებულ საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 5 მილიონი კვ. კმ-ით მეტია.
სპეციალისტების პროგნოზით, უახლოეს მომავალში ოზონის ხვრელმა შესაძლოა ზრდა გააგრძელოს.
"კოპერნიკის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურის" (CAMS) დირექტორის, ლორან რულის თქმით, მის განვითარებაზე ატმოსფერული და ქიმიური ფაქტორების რთული კომბინაცია მოქმედებს. მიმდინარე დაჩქარებული ზრდის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სტრატოსფეროში ტემპერატურის მკვეთრი დაცემა დასახელდა. ცივ პირობებში ყალიბდება პოლარული სტრატოსფერული ღრუბლები, რომლებიც ხელს უწყობენ ჰალოგენების მონაწილეობით ქიმიურ რეაქციებს და მზის სინათლის ზემოქმედებით ოზონის დაშლას აჩქარებენ.
ოზონის შრე დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მნიშვნელოვანი ნაწილის შთანთქმით იცავს. მისი განელება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ანტარქტიდის თავზე, სადაც ოზონის ხვრელი ყოველწლიურად სამხრეთ ნახევარსფეროს გაზაფხულზე, დაახლოებით, სექტემბრიდან ნოემბრამდე ყალიბდება.
ამასთანავე, ამჟამინდელი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ოზონის შრის აღდგენა შეჩერდა. ბოლო წლებში ოზონის ხვრელები, ზოგადად, უფრო პატარა ზომის ხდებოდა და ნაკლებ დრო არსებობდა, რასაც ოზონდამშლელი ნივთიერებების ემისიის შემცირების შემდეგ შრის ეტაპობრივ აღდგენას უკავშირებენ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ანტარქტიდის ოზონის ხვრელის ზომები წლიდან წლამდე იცვლება. ამიტომ, სიტუაციის შეფასება საჭიროა არა მხოლოდ მისი ფართობით, არამედ ატმოსფერული სხვა მაჩვენებლებითაც.

NASA-სა და NOAA-ს შეფასებით, 2025 წლის მაქსიმალური ფართობი 22.86 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო და 1992 წლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მცირე მაჩვენებლად შეფასდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე ასეთი განსხვავებები ბუნებრივი ატმოსფერული პირობებითაც არის განპირობებული. ამიტომ ერთი წლის განმავლობაში ოზონის ხვრელის ზრდა არ ნიშნავს, რომ მისი შრის გრძელვადიანი აღდგენის პროცესი შეჩერდა.
2025 წელს ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელი ჩვეულებრივზე ადრე - 1-ელ დეკემბერს დაიხურა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე ხანმოკლე მაჩვენებელია. CAMS-ისა და NASA-ს მონაცემებით, ხვრელი ზედიზედ მეორე წელია შედარებით მცირე ზომის იყო. მეცნიერები ამას ოზონდამშლელი ნივთიერებების აკრძალვის შემდეგ ოზონის შრის ეტაპობრივ აღდგენას უკავშირებენ.