პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ კოჰატში, პოლიციის შტაბ-ბინასთან მდებარე მეჩეთს ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი შეეჯახა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 73 დაშავდა. დაღუპულთა შორის 7 პოლიციელი და 4 წლის ბავშვია.
აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:15 საათზე (08:15 GMT) მოხდა, როდესაც მეჩეთში პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა. ხიბერ-პახტუნხვას პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა, ზულფიკარ ჰამიდმა განაცხადა რომ თავდასხმა “თვითმკვლელმა“ განახორციელა.
BBC Verify-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს ნანგრევებით დაფარული ტერიტორია და ადამიანები, რომლებიც დაშავებულებს ეხმარებიან. პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ ოფიციალური განცხადება გავრცელა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

პოლიციის პრესსპიკერის ცნობით, აფეთქების შემდეგ 7 შეიარაღებული ბოევიკი პოლიციის ობიექტში შეღწევას შეეცადა. პოლიციამ დაადასტურა, რომ შვიდივე თავდამსხმელი აფეთქებისა და მას მოყოლილი ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ შეჰბაზ შარიფმა მომხდარი აფეთქება მკაცრად დაგმო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ისლამაბადის განცხადებით, ბოევიკები ავღანეთს უსაფრთხო თავშესაფრად იყენებენ თავდასხმების დასაგეგმად და მოსამზადებლად. ავღანეთის თალიბანის მთავრობა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ შეიარაღებული დაჯგუფებები პაკისტანის შიდა პრობლემაა.