დონალდ ტრამპმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამჟამად გზაჯვარედინზე დგას, განაახლოს თუ არა ირანზე თავდასხმები რეჟიმის განადგურებისა და ომის დასრულების მიზნით.
“წინ დიდი გადაწყვეტილება მელის. მსურს თუ არა შიგნით შესვლა და მათ განადგურება? ეს დიდი გადაწყვეტილებაა. ჩემგან ყველაფერია მოსალოდნელი,“ - განუცხადა მან Axios-ს.


ტრამპის განცხადებები იმ მუქარების გამოძახილია, რომლებსაც იგი ომის დაწყების შემდეგ თეირანის მისამართით გაუთავებლად ახმოვანებდა, თუმცა, ამჯერად, მისი თქმით, შემდგომ ნაბიჯებზე ის შეხვედრები მოახდენს გავლენას, რომლებიც სპარსეთის ყურის მოკავშირეებთან, გაეროს გენერალური ასამბლეის მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.
“მინდა გავარკვიო, სად არიან და როგორ არიან. ჩვენ მათ ძალიან ვმფარველობდით“, - დასძინა ტრამპმა.

სამიტზე დაძაბულობის მატებაა მოსალოდნელი მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთზე მძლავრი იერიშები მიიტანეს, რამაც ნავთობისა და გაზის გლობალურ მიწოდებას საფრთხე შეუქმნა.
გაეროს უშიშროების საბჭოში დაპირისპირება ხუთშაბათსვე დაფიქსირდა, როდესაც რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ინიციატივას ირანის სანქციებისა და ბირთვული პროგრამის მონიტორინგის ექსპერტთა ჯგუფის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ. ომის განმავლობაში პეკინსა და მოსკოვს არაერთხელ დასდეს ბრალი ირანის მფარველობასა და მისი სამხედრო ოპერაციების ხელშეწყობაში.
გაეროში ამერიკის ელჩმა, ჯენიფერ ლოცეტამ, ვეტოს გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და მას “ხელის შეშლის აშკარა აქტი“ უწოდა, რომელიც ხაზს უსვამს რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერას “გარეწარი რეჟიმების“ მიმართ.

ამასობაში, CBS News-ის ცნობით, ირანმა ამ კვირაში ამერიკულ ავიაციას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა.
ბოლო დღეებში ქვეყნის სამხედრო ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, MQ-1 Predator ჩამოაგდეს. გამოცემის თანახმად, შედარებით ძველი მოდელის, დაახლოებით $4 მილიონის ღირებულების დრონები აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ფარგლებში ჰორმუზის სრუტის დასაცავად გამოიყენებოდა. კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა სულ მცირე 24 MQ-9 Reaper ტიპის დრონი დაკარგა, რაც ჯამში დაახლოებით $720 მილიონის ზარალს შეადგენს.