ავტორი:

ბიჭი, რომელიც ყოველდღე ილია II-ის საფლავთანაა: როგორ მოხვდა წლების წინ პატრიარქთან ლევან ჭიქინაშვილი - "სახელით იშვიათად მეძახდა, მზერით მანიშნებდა"

ბიჭი, რომელიც ყოველდღე ილია II-ის საფლავთანაა: როგორ მოხვდა წლების წინ პატრიარქთან ლევან ჭიქინაშვილი - "სახელით იშვიათად მეძახდა, მზერით მანიშნებდა"

18 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 186 დღე გავიდა და ლევან ჭიქინაშვილი სიონში ისევ პატრიარქის სამსახურშია - ყოველდღე მის საფლავთანაა... ის სამების ტაძრის მედავითნე და სტიქაროსანია, საპატრიარქოს ყოფილი თანამშრომელი და პატრიარქის დაცვის წევრი.

ლევანი ყოველდღიურად, სამების ტაძარში დილის მსახურების დასრულებისთანავე, სიონის ტაძარში ჩადის და პატრიარქის საფლავს უვლის. თუ პირველი 40 დღის განმავლობაში მორწმუნეთა უწყვეტი ნაკადი იყო, ახლა ხალხი შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მაინც მოდის. ლევანის განმარტებით, საფლავთან ყოველდღიური ყოფნა და ხალხთან ურთიერთობა პატრიარქისადმი უსაზღვრო პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულებაა.

- წლების განმავლობაში პატრიარქის გვერდით იყავით, საპატრიარქოში ცხოვრობდით. ამასთან, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამ 186 დღის განმავლობაში ილია II-ის საფლავს გვერდიდან არ მოსცილებია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- თავიდანვე შინაგანი სურვილი მქონდა, 40 დღე გამეგრძელებინა მასთან ყოფნა და საფლავისთვის ყურადღება მიმექცია. სამებიდან ყოველდღე ჩავდივარ სიონში, რომ მის საფლავს მივხედო. ეს ჩემი მხრიდან მადლიერების გამოხატვაა. შეიძლება ბევრს უნდა იქ ყოფნა და რამის გაკეთება, მაგრამ ვერ ახერხებს - ყველას ხომ თავისი ცხოვრება აქვს? მე გადავწყვიტე, რომ ეს იყოს ჩემი პატივისცემა და მადლიერება მის მიმართ.

პირველი 40 დღის განმავლობაში ბევრი ხალხი მოდიოდა, გვიანობამდეც გრძელდებოდა ნაკადი. დღესასწაულები როცა ემთხვეოდა, ღამის 12:00-01:00 საათამდეც კი ვისტუმრებდით ხალხს. მოდიან, ზოგს ყვავილი მოაქვს, ზოგს კანდელისთვის ზეთი, ზოგი სანთელს ტოვებს. ყველაფერს ყურადღების მიქცევა და მოწესრიგება სჭირდება.როცა დიდი რიგები იყო, უნდა გაგეკონტროლებინა, რომ ადამიანები დიდხანს არ მდგარიყვნენ საფლავთან. ზოგი ბავშვიანი იყო, ზოგი - ფეხმძიმე და გამოგვყავდა რიგიდან, რომ წინ გაგვეშვა. მოკლედ, პირველი 40 დღე ეს ყველაფერი აქტიურად მიმდინარეობდა.

ახლა ხალხის ნაკადმა შედარებით იკლო, იმ ტემპით აღარ დადიან, თუმცა მაინც მოდიან. იმ 40 დღის განმავლობაში სასულიერო პირებიც ყოველდღიურად მოდიოდნენ და პანაშვიდს იხდიდნენ. პერიოდულად ემთხვეოდა მეცხრე დღე, ორმოცი და სხვა თარიღები. წირვებიც ტარდებოდა და, შესაბამისად, ამ ნაკადებს მართვა და ყურადღება სჭირდებოდა. წლების განმავლობაში ისედაც მიწევდა პატრიარქთან ყოფნა - დაცვაშიც ვიყავი და ეს ყველაფერი გავლილი მაქვს. ამიტომ ისევ იმ განწყობით ვარ, როგორც ადრე: წირვა რომ დასრულდებოდა და უწმინდესი გამოდიოდა, სამება ივსებოდა, ყველას სურდა მასთან შეხება და დალოცვის მიღება. ჩვენ კი გზა უნდა მოგვეწესრიგებინა. იგივე განწყობა მაქვს ახლაც - იქაც იმავეს ვაგრძელებ. ხალხი მოდის და თითქოს უწმინდესი ხვდება მათ.

ზოგს კანფეტები მოაქვს, ზოგი მოდის და ყვავილს ითხოვს, რომ წაიღოს და სახლში ხატებთან დადოს. ვცდილობთ, ყველას შეხვდეს და ვუნაწილებთ მის სითბოს. ასევე, სამთავროს დედებს მოაქვთ საჩუქრები - პატრიარქის სურათები, საფლავის ყვავილებისგან დამზადებული ლამინირებული ბარათები - და მოსულებს ვურიგებთ. ეს არის უწმინდესისგან წამოსული სიკეთე - ისევე, როგორც თავად იცოდა, როცა მასთან მიხვიდოდი და რაღაცით გაგახარებდა. ამიტომ ახლაც იმავე განწყობით ვაგრძელებთ.

- ლევან, სამებაში მედავითნე და სტიქაროსანი ხართ. მოკლედ საეკლესიო ცხოვრებაში სრულად ხართ ჩართული, ხომ?

- სამებაში სტიქაროსანიც ვარ და მედავითნეც. მედავითნეობა უფრო მეტია, რადგან ძველ ქართულად კითხვა და მსახურების წესი უნდა იცოდე. საეკლესიო ცხოვრებაში სრულად ვარ ჩართული. თავიდანვე პატრიარქთან მოვხვდი საპატრიარქოში, მანამდე სასულიერო აკადემია დავამთავრე, მაქვს თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი. ასე რომ, ეკლესიაში უბრალოდ „წამსვლელ-მომსვლელი“ კი არ ვარ, არამედ, როგორც ვთქვი, სრულად ჩართული ვარ ყველაფერში.

- მაგრამ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ თქვენი დღის რეჟიმი შეიცვალა, ხომ?

- სამებაში დილის მსახურებასა და წირვას რომ დავამთავრებ, მერე ჩავდივარ სიონში. ჩემამდე იქ ლაშა მიდის - ის იქვე მსახურობს, სიონის სტიქაროსანია. მე სადღაც 11:00–12:00 საათისთვის ჩავდივარ და ტაძრის დაკეტვამდე, საღამოს 21:00 საათამდე, იქ ვართ. ხალხი რომ მოდის, საფლავი მარტო რომ არ დახვდეთ, ამიტომ იქ ვართ. როცა საფლავიდან ყვავილს მივცემთ, ისე იღებენ, თითქოს უწმინდესმა აჩუქა. ჩვენც ვეუბნებით, რომ ეს უწმინდესისგან არის.

- თქვენს პირად გვერდზე ხშირად დებთ ფოტოებს - ყოველთვის ლამაზად გამოიყურება იქაურობა - ყვავილებითაა შემკული, სანთლები ანთია. ამას თქვენ აკეთებთ?

- სამების გოგოების ჯგუფია - ხუთი-ექვი გოგოა, რომლებიც ამის ორგანიზებას აკეთებენ. კვირაში ერთხელ ან ორჯერ, როცა ყვავილები ვიზუალს კარგავს, მოვლენ, შეცვლიან, დავაფენთ ხოლმე ახალ ყვავილებს. ძირითადად ვარდებია და თეთრი წვრილი ყვავილები -ფერებში უხამებენ. საზეიმო დღეებში კიდევ უფრო გრანდიოზულად და გამორჩეულად აფორმებენ...

- ლოცვა და პანაშვიდს პატრიარქის სულისთვის ყოველდღე ტარდება?

- პირველი 40 დღე განაწილებული იყო და ყოველ საათში სხვადასხვა სასულიერო პირი იხდიდა პანაშვიდს. 40 დღის შემდეგ კი - ინდივიდუალურად. ვისაც სურვილი აქვს, მოდის და იხდის. თუმცა დღე ისე არ ჩაივლის, რომ ვინმემ პანაშვიდი არ გადაიხადოს.ემოციებზე მკითხეთ და ისეთი განწყობა არ მაქვს, რომ რაღაც დამთავრდა და აღარ არის. მეჩვენება, რომ ისევ ერთად ვართ და ისევ ვემსახურებით. ტაძარში როდესაც ადამიანები მოდიან, ამას ისე აღვიქვამთ, რომ სტუმარი მოსდის, ყურადღება უნდა მივაქციოთ და გავისტუმროთ. ჩემი განცდით, მასთან მსახურება ჩვეულებრივად გრძელდება. მსახურების დროს პატრიარქს მუდმივად ყურადღებას ვაქცევდი, თვალებში ვუყურებდი და თავის დაქნევით მანიშნებდა, რომ მასთან მივსულიყავი. სახელით დაძახება იშვიათად ხდებოდა, რადგან ყოველთვის მის არეალში ვიყავი და მზერით მანიშნებდა.

- თქვენს ცხოვრებას რომ გადახედოთ - ეს ყველაფერი საერთოდ რა იყო - ღვთის ნება იყო თუ შემთხვევითობა, პატრიარქის გვერდით რომ აღმოჩნდით?

- ახსნა ძნელია, ღმერთმა ეს რატომ დაუშვა, - ამას ვერ ჩავწვდები, მაგრამ ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე, არცერთ მსახურებას არ ვაცდენდი. მედავითნეობა მალევე ვისწავლე. მერე, აკადემიაში სწავლისას, პატრიარქი შუა კვირაშიც ამოდიოდა ხოლმე სამებაში სალოცავად. დიდი ზარის ხმას რომ გავიგონებდი, აკადემიიდან (სიონის მიმდებარე ტერიტორიიდან) გავრბოდი, რომ სამებაში დავხვედროდი და სანთელი დამეჭირა. კვირაში ორ-სამჯერ მაინც მიწევდა ასე სირბილი. ეს ყველაფერი პატივისცემისა და სიყვარულის გამო ხდებოდა. ალბათ ღმერთმაც ასე ინება, უწმინდესმაც შეამჩნია, გარშემომყოფებმაც და ასე გადაწყდა. დღესაც იმავე განწყობით ვარ - ერთი სული მაქვს, სამებაში საქმეებს მოვრჩე და სიონში გავიქცე.

- პატრიარქისგან რა ისწავლეთ?

- უამრავი კარგი თვისება ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებული იყო მოსმენის კულტურა - უყვარდა ადამიანის მოსმენა. ასევე, სიკეთის კეთება - არ არსებობდა, ვინმე ისე წასულიყო მისგან, რომ საჩუქარი არ მიეღო, არ გამასპინძლებოდა ან რჩევა არ მიეცა. საფლავთანაც რომ მოდიან ადამიანები და უსასრულოდ მესაუბრებიან, პატრიარქი გამახსენდება ხოლმე - რომ უნდა მოვუსმინო და სიკეთე გავუკეთო. ასევე, მშობლის პატივისცემა და სიყვარული გვასწავლა ყველას...